დღეიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება. კერძოდ, თბილისის მეტროპოლიტენი ერთი წლის განმავლობაში 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.
თბილისის მეტროს სამუშაო საათები სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მცირდება.
„ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი. პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში ძველი კაბელები ჩანაცვლდება 450 კმ თანამედროვე, ISO-ს სტანდარტის კაბელით. ასევე, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა 5 მაისს მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტი თბილისის მეტროში ჯერ არ განხორციელებულა.
მეტროპოლიტენის ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ჩატარდება.