საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15-ვე ბოლნისის მინიციპალიტეტში. აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა დღეს დილის 06:00 საათიდან იზოლაციაშია და ადგილზე დამატებით სამედიცინო ღონისძიებები გატარდება. ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე საქართველოს პარლამენტის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში. სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8; მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები“ – წერს გოგი მეშველიანი.