LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან შიდა ფრენებზე ფასები იზრდება

22

დღეიდან საქართველოში შიდა ფრენებზე ფასები იზრდება – ამის შესახებ შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

როგორც კომპანიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, დღეიდან შიდა ფრენებთან დაკავშირებით სიახლეა.

„სიახლე შიდა ფრენებთან დაკავშირებით! მგზავრთა საყურადღებოდ, 26 აპრილიდან იცვლება ბილეთის ფასები შიდა ავიარეისებზე. განახლებული ფასები ერთი გზის ბილეთისათვის ასეთია: ქუთაისი – მესტია 50 ლარი; ნატახტარი – მესტია 90 ლარი; ნატახტარი – ამბროლაური 50 ლარი; თბილისი – ბათუმი 125. ყველა მიმართულებაზე, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვი უფასოდ იფრენს. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მოცემულ საიტზე http://new.vanillasky.ge/ ”, – იუწყება შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები”.

შეგახსენებთ, აღნიშნულ შიდა რეისებს ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA ახორციელებს, რომელზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა იანვრის ბოლოს გასცა.

შიდა რეისებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით, „ფორტუნა” სწორედ ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA-ს დაუკავშირდა. როგორც აქ განმარტეს, ფასები საშუალოდ 10-დან 35 ლარამდეა გაზრდილი.

”ყოველი ახალი კვარტალის დასაწყისში მოგვდის ვრცელი ინფორმაცია ფრენებთან, მათ განრიგთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტებიდან” და სწორედ ამის საფუძველზე და მათი მითითებით ვანახლებთ ინფორმაციას”, – განაცხადეს AK-AIR GEORGIA-ში.

ცნობისთვის, აქამდე ქუთაისი – მესტიის მიმართულებაზე ავიაბილეთი 40 ლარი ღირდა, შესაბამისად, დღეიდან ფასი 10 ლარით იზრდება; ნატახტარი – მესტია 65 ლარი ღირდა, ანუ მატება 25 ლარი გამოდის; ნატახტარი-ამბროლაურის ავიაბილეთის ფასი უცვლელი დარჩა – ანუ 50 ლარი; ყველაზე მეტად, 35 ლარით თბილისი – ბათუმის ავიაბილეთი გაძვირდა, ის აქამდე 90 ლარი ღირდა.

რამ გამოიწვია ფასების ზრდა?

ამ კითხვით ”ფორტუნა” შპს „საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებს“ დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ფასების ცვლილება ფრენებზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული.

”რაც შეეხება სიხშირეეებს, ამ მიმართლებით ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგემება. ნატახტარი-მესტია კვირაში ოთხჯერ, ქუთაისი-მესტია კვირაში ორჯერ, ნატახტარი-ამბროლაური კვირაში ორჯერ და თბილისი- ბათუმი კვირაში ოთხჯერ, L410 და  SAAB-ის ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება”, – აღნიშნეს  შპს „საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები