22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ტყიბულის რაიონის კურორტ საწირეში, წყალსაცავის ნაპირზე გეგმავს 2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალს.
როგორც ”ფორტუნას” მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციიდან აცნობეს, სხვადასხვა სახის გასართობ თამაშებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ დამწყები და მოყვარული მოლაშქრეები, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრ კლუბებს შორის ჩატარდება სალაშქრო რალი. გარდა ამისა, ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია მსურველებს მისცემს საშუალებას გამოსცადონ თავიანთი შესაძლებლობები ჯომარდობაში. ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია გამართავს საჩვენებლ თამაშს, სადაც მსურველები შეძლებენ მოსინჯონ თავიანთი ძალები და შეისწავლონ ამერიკული ფეხბურთის წესები.
მათივე ინფორმაციით, ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყობა zipline, რომელიც მთელი ფესტივალის განმავლობაში განაგრძობს ფუნქციონირებას. ღონისძიებები გაფორმდება ელექრონული მუსიკით, სალაშქრო რალიში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვების შემდეგ კი დაიწყება კონცერტი, სადაც დაუკრავენ ქართული ბენდები: JETBIRD, ASEA SOOL, MELOW YELOW.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაისვენონ და გაერთონ ფესტივალის დღეების განმავლობაში.საწირეში ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.