დღეიდან ტაქსით მომსახურების სერვისის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიით იქნება ნებადართული. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, 200 ლარით დაჯარიმდება.
ამასთან, ტაქსებთან მიმართებაში რეგულაციების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ის ახალი ვიზუალური სტანდარტის დანერგვას გულისხმობს – სწორედ ამ პერიოდიდან ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.
„საუბარია ფერზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ტაქსებისთვის სავალდებულო თეთრი ფერი იყოს. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის გასული კვირის სხდომაზე.