საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში დღეიდან ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა.
თავდაპირველად მიმოქცევაში გავა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები. რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, ის წელს მოგვიანებით გავა მიმოქცევაში, რომლის შესახებ ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებას წინანსწარ მოახდენს.
როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
„ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან,“- განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
„ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი,“- აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით.
ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად.