LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან იმპორტის გადასახდელის გადახდის 5-დღიანი ვადა ყველა კომპანიაზე გავრცელდება

61
sashemosavlo

დღეიდან ძალაში შევიდა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც „ოქროს სიის“ მონაწილე ყველა კომპანიისთვის, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა დგინდება.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

ეს ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ უკვე ამოქმედდა ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – ბრძანების ამოქმედების თარიღად, გამოქვეყნებიდან 30-ე დღე , ანუ 2 ივლისი განისაზღვრა.„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა. ამასთან, „ოქროს სიის“ კომპანიები კვლავ ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო სერვისითა და პროცედურებით, ასევე „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის დაწესებული სხვა შეღავათებით.

ამასთან, აღსანიშნავია რომ ცვლილების ძალაში შესვლამდე, რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების გადახდა, დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში ხორციელდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები