LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, ახალი ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ხდება – როდიდან ჩაერთვება მიკროავტობუსები გადახდის ერთიან სისტემაში

656
ლურჯი მიკროავტობუსი

24 ოქტომბრიდან თბილისში სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და საქალაქო-საუბნო მარშრუტები ამოქმედდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ხაზები დაემატა. ცოტა ხნის წინ, დედაქალაქში მოძრაობა ახალმა ლურჯმა მიკროავტობუსებმაც დაიწყო.

FORD-ის მარკის დიზელის ძრავაზე მომუშავე მიკროავტობუსები 17 მგზავრზეა გათვლილი. სავარძლებზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მიკროავტობუსები აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემებით. მგზავრობის საფასურის გადახდა კი მხოლოდ სატრანსპორტო ბარათითაა შესაძლებელი.

სულ მალე ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი გახდება, შედეგად კი მგზავრობის ტარიფიც შეიცვლება.

როდიდან ჩაერთვება მიკროავტობუსები გადახდის ერთიან სისტემაში, რამდენჯერ შეძლებს მგზავრი ერთჯერადი გადახდით სარგებლობას, ვინ ისარგებლებს საშეღავათო პირობებით და როდის დაიწყება აბონემენტების დანერგვისა და ტარიფების შემუშავების პროცესი – მგზავრებისთვის საინტერესო საკითხებზე “ფორტუნასთან” ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი საუბრობს.

 

 

➤  როდიდან ერთვება ლურჯი მიკროავტობუსები გადახდის ერთიან სისტემაში და რა იქნება მგზავრობის საფასური

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პროგრამის მიხედვით, ყველა ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთოს გადახდის ერთიან სისტემაში.

ამ კვირიდან მგზავრობის გადასახადი, ახალ ლურჯ მიკროავტობუსებში იქნება 50 თეთრი.

➤  დროის რა ინტერვალით და რამდენჯერ შეძლებს მგზავრი ერთჯერადი გადახდის შემდეგ, სხვადასხვა სახის ტრანსპორტით სარგებლობას

ამ შემთხვევაში მგზავრს არ აქვს დაწესებული შეზღუდვა. 90 წუთის განმავლობაში, რამდენჯერაც დასჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, იმდენჯერ შეძლებს ერთჯერადი გადახდით სარგებლობას.

➤  ვინ ისარგებლებს საშეღავათო პირობებით და როგორი იქნება ტარიფი

მიმდინარეობს მუშაობა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით მოსარგებლე პირთა კატეგორიებისთვის მგზავრობს ფასის სუბსიდირების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რათა სოციალურად დაუცველმა პირებმა, სტუდენტებმა, პენსიონერებმა, ვეტერანებმა და სკოლის მოსწავლეებმა შეძლონ სამგზავრო შეღავათით სარგებლობა.

ინდივიდუალური საშეღავათო ტარიფები ამ ეტაპისთვის განსაზღვრული არ არის, თუმცა, ეს საკითხიც განიხილება.

  იქნება თუ არა შესაძლებელი აბონემენტის შეძენა და რა პერიოდის განმავლობაში ექნება მას მოქმედების ვადა:

ამჟამად, მიმდინარეობს აბონემენტების დანერგვისა და ტარიფების შემუშავების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს, ამ მიმართულებით, სხვადასხვა ქალაქში წარმატებით დანერგილ გამოცდილებას. აბონემენტების ვადები იქნება განსხვავებული, მაგალითად, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი. ამ აბონემენტებზეც იმოქმედებს საშეღავათო პირობები. მაგალითად, რაც უფრო გრძელვადიანია აბონემენტი, უფრო მეტად შეღავათიანი ტარიფით შეძლებს გადაადგილებას მგზავრი, თუნდა 1 კვირის, 1 თვის ან 1 წლის განმავლობაში.

მიკროავტობუსებისა და მისი ტარიფის მნიშვნელობა სატრანსპორტო პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის:

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მგზავრთმომსახურება დედაქალაქის მასშტაბით. შეიქმნება ერთიანი, გამართული და უსაფრთხო ქსელი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში კერძო ავტომობილების ნაცვლად გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამასთანავე, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრობა გახდება მეტად ხელმისაწვდომი, დაემატება და განახლდება მარშრუტები. ეს ყველაფერი ჯამში, გააუმჯობესებს მგზავრობის მომსახურების ხარისხს.

სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილების თანაბარი პირობები შეექმნას გზის ყველა მონაწილეს და ჩვენი მიზანია, შევქმნათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანის გადაყვანა იყოს შესაძლებელი არსებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში – აღნიშნავს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი.