LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილობაში დაწყებული ბიზნესიდან ლიდერობამდე – ახალგაზრდა ფერმერის სამაგალითო ისტორია

ზაურ კუდუხოვი 22 წლისაა. იგი იძულებით გადაადგილებული პირია და ამჟამად სოფელ ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს.

ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო ზაური, როდესაც, 2008 წლის ომის დროს იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა მშობლიური საცხოვრებელი ადგილი და ხურვალეთში დასახლებულიყო.

დევნილობაში მყოფმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ოჯახის სარჩენად საკუთარი ბიზნესი დაეწყო და ისეთი რამ გაეკეთებინა ადგილობრივებისათვის და ოჯახისთვის, რაც გარკვეულ ფინანსურ მოგებას მისცემდა და გაფართოების პერსპექტივაც ექნებოდა.

ზაურმა თავისი რესურსით გამოიკვლია ქართული ბაზარი, თუ რომელი პროდუქტის ნაკლებობა ან დეფიციტი შეინიშნებოდა დახლებზე.

კვლევების შემდეგ დამწყებმა ფერმერმა გადაწყვიტა ბაზარზე ნაკლებად დომინანტური პროდუქტი: მწყრის ხორცი და კვერცხის წარმეობა დაწეყო. თუმცა, ამისთვის ჯერ საწყისი კაპიტალიც არ ჰქონდა.

მოგვიანებით მან მწირი რესუსრსით გახსნა ანაბარი და  მცირე დანაზოგებით ფულის შეგროვება დაიწყო. ყოველ ჩარიცხულ და გადადებულ თანხაზე იცოდა, რომ მიზანს უახლოვდებოდა. როდესაც გარკვეულ თანხას თავი მოუყარა, სოფელში მინი ფერმა ააშენა და დაიწყო პროდუქციის წარმოებაც. პარარელურად გახდა პროექტის „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ მონაწილე, რომლის ფარგლებშიც ცოდნასთან ერთად გრანტიც მოიპოვა.

USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ფარგლებში მიღებული ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც აუცილებელი იყო წარმოებისთვის და ბიზნესის უკეთ წარმართვისათვის.

ზაური “ფორტუნასთან” ყვება, რომ ის თავიდან უამრავ პრობლემას გადააწყდა და დღემდე უწევს, რაღაც საკითხებში მათი გადაჭრა.

“დაწყების პროცესში წავაწყდი უამრავ პრობლემას, როგორც წარმოების ასევე მარკეტინგის სფეროში. შედარებით იოლად გადავჭერი წარმოების სფეროში შემხვედრი პრობლემები, ამაში განსაკუთრებით დამეხმარა სხვა მეწარმეებთან გავლილი კონსულტაციები მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო რაც შეეხება მარკეტინგის საკითხებს, გარკვეული პრობლემები გადავჭერი, მაგრამ, რადგან ბიზნესი ახლად შექმნილია ახლაც მიწევს ამ პრობლემებთან ბრძოლა”, – ყვება ის.

დღეს ზაურის ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული გახდა. იგი კვერცხისა და მწყრის ხორცით უკვე გორის რაიონს ამარაგებს. წარმატების მთავარ გასაღებად კი სამ ფაქტორს – შრომისმოყვარეობას, მიზნისკენ სწრაფვას და პრობლემებთან შეხვედრის მზადყოფნას ასახელებს.

“ამ სამი გასაღების უდიდესი სტიმულატორია ის გარემოება, როდესაც ხედავ, რომ შენი შრომა გიფასდება და გეძლევა კიდევ უფრო გაძლიერებული სტიმული მეტი იშრომო რათა უფრო მალე მიხვიდე მიზანთან. მინდა ყველა დამწყებ მეწარმეს ვურჩიო, რომ არასდროს შეშინდნენ პრობლემებთან შეხვედრისას და არავითარ შემთხვევაში გაექცნენ მათ, რადგან რაც უფრო მეტად მომზადებული შეხვდებით პრობლემას მით უფრო იოლად დაამარცხებთ მათ, პრობლემების დამარცხება გაძლევთ საშუალებას გახდეთ უფრო ძლიერი ხვალ, ვიდრე ხართ დღეს”, – ამბობს ზაური “ფორტუნასთან” ინტერვიუში.

ახალგაზრდა მეწარმის  მიზანია გააფართოოს წარმოება და ქართული ბაზრის ლიდერი მიმწოდებელი გახდეს მწყრის კვერცხისა და ხორცის წარმოებაში.

“სამომავლოდ ვაპირებ გავაფართოვო ბიზნესი, გავზარდო წარმოება და დავაქმო მეტი ადამიანი. ჩემი მიზანია, გავხდე ქართული ბაზრის ლიდერი მიმწოდებელი მწყრის ხორცით და კვერცხით, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს შეიცავს”, – ამბობს ახალგაზრდა მეწარმე და მსურველებს “მეწარმეთა სივრცე 2018”-ზე ეპატიჟება.

ფესტივალზე ის საკუთარ პროდუქციასა და სტენდს მომხამერებლებს 22 მარტს გააცნობს, რომელიც ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები