LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილებს იპოთეკურ სესხებს დაუფარავენ: რა პრინციპით შეირჩევა ოჯახები?

80

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.

”იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონამდე ლარი გამოიყო. დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, მინისტრის N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით მოხდება”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადები მიიღება 2017 წლის 15 მარტამდე, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება; იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე; სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სესხი უკვე 93 ოჯახს დაუფარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები