ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, დევიდ ლინჩი უკვე მესამე დღეა, საქართველოშია. ის თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა, სადაც თავისი ფონდის ეგიდით შეხვედრები გამართა. საქართველოში ის უკვე შეხვდა ქვეყნის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის განათლებისა და კულტურის მინისტრებს და მათთან კინოსკოლის დაფუძნებაზე ისაუბრა. ლინჩი ასევე ეწვია ანსამბლ „ერისიონს“, მოისმინა ქართული სიმღერა და ნახა ცეკვა, რითაც აღფრთოვანებული დარჩა, ასევე ერთ-ერთ რესტორანში ქართული კერძებიც დააგემოვნა.
სანამ დღეს, „თბილისი მარიოტში“ დაგეგმილი პრესკონფერენცია დაიწყებოდა, უფრო სწორად, მისი ოფიციალური ნაწილი, მანამდე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს სიამოვნებით გაუზიარა შთაბეჭდილებები, რაც მის საქართველოში სტუმრობას ახლავს.
კითხვაზე, იცოდა თუ არა რამე ქართულ კინემატოგრაფზე, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, დევიდ ლინჩი აღნიშნავს:
„საქართველოში პირველად ვარ. მის კინემატოგრაფზე არანაირი ინფორმაცია არ მქონია, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კინემატოგრაფზე. მაგრამ რაც აქ ჩამოვედი, შევიტყვე, რომ ფელინი ყველას ურჩევდა ქართული ფილმების ნახვას… ყველა ქვეყანას მოაქვს გარკვეული შეგრძნებები, როცა იქ ჩადიხარ. საქართველოში ჩამოსულმა ვიგრძენი, რომ აქ ჰაერში ტრიალებს ხელოვნებისადმი სიყვარული“.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოში სტუმრობა მომავალში მისთვის კონკრეტული ფილმის ინსპირაციად იქცეს, რაზეც რეჟისორმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, თუმცა შთაგონებად შესაძლოა, ნებისმიერი მოგზაურობა იქცეს.
დევიდ ლინჩმა ისაუბრა ტრანსცედენტალური მედიტაციის შესახებ და საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ამ მეთოდს, რომელსაც ის და მისი ფონდი ომის ვეტერანებსაც სთავაზობს და სხვა ნებისმიერ მსურველს, არანაირი შეხება არა აქვს არც რაიმე ტიპის სექტასთან და არც რელიგიურ ორგანიზაციასთან, „თავადაც არ მსურს, არანაირი სექტის წევრი ვიყო“, დასძენს რეჟისორი. ის აღნიშნავს, რომ ამ მეთოდამდე დის რჩევით მივიდა და თავიდან თავადაც ეჭვით უყურებდა, თუმცა ნებისმიერ რამეს, რომელიც არის ახალი და ცოტა უცნაური, თავიდან ადამიანები წინააღმდეგობას უწევენ, თუმცა როცა მის ნამდვილ არსს ჩასწვდებიან, წინააღმდეგობაც ქრება. დევიდ ლინჩი ამბობს, რომ ტრანსცედენტალური მედიტაციის დახმარებით იმ სიბრაზეს გაუმკლავდა, რომელიც მას ახასიათებდა, ბედნიერება და სიმშვიდე მოიპოვა და საკუთარ საქმეს უკეთესად აკეთებს. კითხვაზე, როგორ შეიძლება ამ სახის მედიტაციის კინოს კეთებისას გამოყენება, ლინჩი პასუხობს, რომ ვინაიდან „ნებისმიერი ნეგატივი კრეატივს კლავს“, ამ მეთოდით სიმშვიდისა და ბედნიერების მოპოვება ნებისმიერ საქმეს წაადგება.
დევიდ ლინჩმა ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებიც კინოსფეროში აპირებენ საკუთარი თავის მოსინჯვას, ურჩია, საკუთარი საქმე შეიყვარონ და მხოლოდ ფულის გამო ნუ გააკეთებენ მას. „შეიძლება, მილიონერი ვერ გავხდი, მაგრამ ყოველთვის მსიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდი“, აღნიშნა რეჟისორმა.
რასაკვირველია, ვერ ავცდით კითხვებს „ტვინ პიკსის“ შესახებაც. შესანიშნავი სერიალი, რომელმაც დევიდ ლინჩს სახელი გაუთქვა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ლინჩს ამის შესახებ არაერთხელ გაუმეორეს ქართველმა ჟურნალისტებმა სხვადასხვა შეკითხვაში, რითაც ის საკმაოდ კმაყოფილი დარჩა და სიამოვნებით უპასუხა იმ კითხვებს, რომლებიც მისი კინოშედევრების დასასრულს თუ სხვადასხვა სიმბოლოს უკავშირდებოდა…
რასაკვირველია, ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომელ შოუებს ადევნებს თვალს თავად და რომელ რეჟისორებს აფასებს. როგორც აღმოჩნდა, დევიდ ლინჩი ფელინის, კუბრიკის, ძმები კოენების, მარტინ სკორსეზეს მოყვარულია, ხოლო სატელევიზიო შოუებიდან უპირატესობას „Madman“-ს და „Breaking Bad“-ს ანიჭებს.
პრესკონფერენციის ბოლოს დევიდ ლინჩმა ჟურნალისტებს ხელმოწერება ჩამოურიგა, კომენტარი გააკეთა და დაგვტოვა.
დღეს, კლუბშ „ხიდი“ ხუთ საათზე შედგება დევიდ ლინჩის ლექცია ტრანსცედენტალური მედიტაციის თემაზე, ხოლო შვიდ საათზე კინო „ამირანში“ მისი ფილმის „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენებაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ დევიდ ლინჩი თავისი ფონდის წევრებთან ერთად საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება. რეჟისორის სახელობის ფონდი ამა წლის ივლისში საქართველოში დაფუძნდა და მთელი კავკასიის მასშტაბით იფუნქციონირებს. მისი პრეზიდენტი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძეა. ფონდი კინოსკოლის დაფუძნების პარალელურად, საერთაშორისო კინოფესტივალის დაარსების იდეასაც განიხილავს. როგორც გიგა აგლაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დევიდ ლინჩის ფონდში 250 ავტორიტეტული ადამიანია გაერთიანებული მსოფლიო კინოინდუსტრიიდან… როგორც აგლაძემ აღნიშნა, ქართული მხარე ყველა იმ პლუსის გამოყენებას შეეცდება, რომელიც დევიდ ლინჩის ფონდს აქვს.
ნინო მურღულია