LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეველოპერებისთვის მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სავალდებულო გახდება

87

დეველოპერებისთვის მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სავალდებულო გახდება.

როგორც რადიო „ფორტუნას“ გადაცემა “ბიზნესკურიერში” ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა დავით გიგინეიშვილმა განაცხადა,  სამშენებლო კოდექსში დეველოპერებისთვის ახალი ნორმები დაწესდება.

“კომპანია ვალდებული იქნება მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი გამოყოს. ამჯამად ისინი ამას არ აკეთებენ, რადგან  კანონით ეს არ ევალებათ და ნებაყოფლობითია. რა ფორმით და სტანდარტებით გააკონტროლებს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ობიექტზე დასაქმებულების უსაფრთხოებას, ეს უკვე დეველოპერების გადასაწყვეტია. ასეთი პირის არარასებობის შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას ზედამხედველობის სამსახური ჯარიმას განუსაზღვრავს და გამორიცხული არ არის, რომ მას მშენებლობის უფლება შეუჩერდეს,”- განაცხადა გიგინეიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებებს მიესალმება  მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი. როგორც როსტომაშვილმა განაცხადა,  საკანონმდებლო ცვლილებები კარგია, მაგრამ ეს სიტუაციას ვერ შეცვლის.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა არაპროფესიონალი მუშაა. “კომპანიები, როცა დასაქმებულთან ხელშეკრულებას აფორმებენ, ნორმების და წესების დაცვით მუშაობის ვალდებულებას დებენ,  მუშებთან შესაბამისი ინსტრუქტაჟიც ტარდება, თუმცა რეალურად, ეს საკმარისი არ არის. ყველაფერს ცოდნა სჭირდება, ამიტომ კანონთან ერთად, საგანმანათლებლო ბაზის მოწყობაა საჭირო,”- აღნიშნა როსტომაშვილმა.

მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მუშათა სიკვდილიანობის ფაქტები გახშირდა. საკითხის დარეგულირებას ითვალიწინებს ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები