თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში, მედიის არ შეშვების მიზეზებს განმარტავს. მიზეზი, მისი განცხადებით ისაა, რომ ექსპერტებს სამუშაოებში ხელი არ შეეშალოთ.
თეა წულუკიანმა პარალელი მისი დეპუტატობის პერიოდში მიღებულ გამოცდილებასთან გაავლო, მისი თქმმით თავი დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ეგონა.
“რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას.” – აცხადებს კულტურის მინისტრი
მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი. მე ამით ვიყავი ბედნიერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იტალიელ ექსპერტებს სურთ მშვიდ გარემოში მუშაობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინსიტრის განცხადებით, ექსპერტები რომლებიც კომპლექსში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ, არიან იუნესკოს მიერ წარმოდგენილები, ჯგუფის ნაწილმა სახურავთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა დასვას დიაგნოზი და „თქვას, რა გადაწყვეტილებები იქნებოდა უკეთესი.
“ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ ისინი, გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ, მათთან ერთად ქართველი პროფესიონალების ჩართულობით ” – განაცხადა თეა წულუკიანმა
მისი სიტყვებით, მეორე ჯგუფიც იუნესკოს მიერ რეკომენდებული ჯგუფია, ისინი კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკაზე მუშაობენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარს გააკეთებენ.
თეა წულუკიანის განმარტებით, იტალიელ ექსპერტებთან ერთად კულტურის სამინისტროს და ქართველი მეცნიერების 7-კაციანი ჯგუფი მუშაობს.
დღეიდან 30 ივნისამდე გელათის მონასტერში კულტურის სამინისტროს მოწვევით ევროპელი ექსპერტები იმუშავებენ, მონასტერი ერთი კვირით დაკეტილია და იქ შესვლა ეკრძალებათ როგორც მოქალაქეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე სწავლობს
სპეციალისტები გელათის ფრესკების განადგურებაზე უკვე წლებია საუბრობენ. 2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა.