LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემონსტრანტებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს – დაკავებულია 165 მომიტინგე

122
საფრანგეთი

პარიზში, სამართალდამცველებმა მდგომარეობის ნორმალიზება შეძლეს – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მობილიზებულია სულ 9 016 სამართალდამცველი, მათ შორის პარიზში 3 700 პოლიციელი. ამ დროისთვის დაკავებულია 165 მომიტინგე.

არსებული ინფორმაციის თანახმად, პირველად შეტაკება მონპარნასის ბულვარში დაიწყო, როდესაც დემონსტრანტებმა პოლიციას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. პოლიციამ მომიტინგეების შეჩერება ცრემლსადენი გაზით სცადა.

დემონსტრანტებს შორის ანტიკაპიტალისტური მოძრაობის „შავი ბლოკის“ წარმომადგენლები იყვნენ. ადგილობრივების ცნობით, სწორედ მათ წამოიწყეს არეულობა, რევოლუციური მოწოდებებით სკანდირებდნენ და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქისა და პარიზის ქუჩებში ათასობით დემონსტრატი გამოვიდა.