„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის განცხადებით, სავაჭრო ცენტრებს დეკემბერში 2 კვირა მუშაობა ნაკლებ რისკს და მეტ ბერკეტს მისცემს უსაფრთხო „შოპინგისთვის“. რეზო მაღალაშვილის თქმით, საჭიროა მთავრობასთან კომუნიკაცია კონსტრუქციული შეთანხმების მიღწევისთვის.
„თავისი ახსნა აქვს იმას, რომ დეკემბერში ორ კვირიან სამუშაო პერიოდს ვითხოვთ. შემოსავლის კუთხით ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს, თუმცა ეპიდემიოლოგიური კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. ორ კვირაზე გადანაწილება ნაკლებ რისკს და ბევრ ბერკეტს მოგვცემს, რომ „შოპინგი“ უფრო უსაფრთხო გავხადოთ. ეს არაა პირველი ფასდაკლების პერიოდი, ზაფხულის ფასდაკლებების დროს კარგად ვმართეთ ყველაფერი, რადგან ეს გარკვეულ პერიოდზე იყო გადანაწილებული. თუმცა, როგორც ვნახეთ black Friday-ზე რთული იყო მართვა, ამიტომ გვინდა, რომ აქტიური ერთი კვირის ნაცვლად ეს ორ კვირაზე გადანაწილდეს. ცალკეული ბერკეტები გვაქვს, მაგალითად ვაპირებთ, რომ ფასდაკლება მთელ ამ ორ კვირაზე გავაკეთოთ. მთავრობასთან გვჭირდება კომუნიკაცია, რათა ეს დეტალები წარვუდგინოთ და მათი პასუხი მოვუსმინით“,- აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.