დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსისგან განიკურნა და სამოქალაქო კლინიკიდან კვლავ გლდანის ციხეშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ დაუდასტურა.
„ჩემი ძმა კორონავირუსით დაინფიცირდა და სამ კვირაზე დიდხანს მკურნალობდა სამოქალაქო კლინიკაში. მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა. ახლა კორონავირუსისგან განკურნებულია, მაგრამ ხელ-ფეხი კვლავ პარალიზებული აქვს.
უკვე მესამე წელია, რაც პარალიზებულ მდგომარეობაში იმყოფება და ეს მისი ჯანმრთელობის მთავარ პრობლემად რჩება. ასეთ მდგომარეობაში დააბრუნეს ციხის საავადმყოფოში, სადაც არანაირი მკურნალობა არ უტარდება”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მისივე განმარტებით, გიორგი მამალაძის ინფიცირების წყარო უცნობია.
„ჩვენთვის არავის უთქვამს, კორონავირუსით როგორ დაინფიცირდა. ციხეში არავისთან არ აქვს შეხება, გარდა ადმინისტრაციისა. იზოლირებულ მდგომარეობაში, სამარტოო საკანშია და სხვა პატიმართან შეხება არ აქვს”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.