მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. იურისტი დავით ჯანდიერი საჩივრის შინაარსზე არ საუბრობს, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ხედვას გაითვალისწინებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.