ბრიტანეთის არმიის ვეტერანმა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კაპიტანმა ტომ მურმა საყოველთაო პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც თავისი მე-100-ე იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით ორიგინალური იდეა მოუვიდა. მურმა ინტერნეტში მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ საკუთარ სახლს 100 წრეს შემოარტყამდა ფეხით, ამ სანახაობის ნახვის მსურველებს კი სთხოვდა სიმბოლური თანხები ჩაერიცხათ მის ანგარიშზე, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა დახმარებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ მურის აზრით, მას მხოლოდ რამოდენიმე ათასი ფუნტის აგროვება შეეძლო, მის ანგარიშზე 33 მილიონი ფუნტი მოგროვდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტომ მურის ღვაწლი თავად ბრიტანეთის დედოფალმა დააფასა. ელისაბედ II მას რაინდად აკურთხებს. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანულ მედიასთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააჟღერა, რომლის თქმითაც ტომ მურის კეთილშობილური საქციელი ფინანსურად და მორალურად დაეხმარა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მთელ ქვეყანას მისცა იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
,,ეს იყო მზის სხივი კორონავირუსის ნისლში, რომელმაც მთელი ქვეყანა შთააგონა”, – ასეთი შეფასება მისცა ჯონსონმა ომის გმირის საქციელს.