დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და “TV პირველის” დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გამოეხმაურა.
როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა აღნიშნა, ფაქტი საშინელებაა და არცერთი მხარე სიმართლეს არ ამბობს.
„ეს ფაქტი რბილად რომ ვთქვათ საშინელება იყო. როგორც ჩანს სუფთა არც ერთი მხარე არ არის. ერთს აქვს თმენის ვალდებულება. ასე პარლამენტში არ უნდა ლაპარაკობდნენ, ქუჩაში კი ბატონო.
დედის გინება უამრავი გაგვიგია საქართველოში, ახალი აღმოჩენა რა გააკეთა წერეთელმა არ ვიცი. გასაგებია, რომ შეურაცხმყოფელია, მაგრამ მეორე მხრივ, ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები წერეთლის “გასალახად” მივიდნენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეზე ესეც აბსურდია.
ჩემი აზრით, არცერთი მხარე სიმართლეს არ ლაპარაკობს, ეს არის პრობლემა დღეს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები
„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.