თბილისის მერიას მიმდინარე წელს საინჟინრო ნაგებობების მოსაწყობად 27 272 273 ლარი აქვს გამოყოფილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 20 ოქტომბერს დასრულდება კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, რომლის ღირებულება 968 952,40 ლარია. გარდა ამისა, მიმდინარეობს მარშალ გელოვანის ქუჩისა და პ. სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობა, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს უნდა დასრულდეს და 4 284 998,98 ლარი დაჯდება.
მერიის ინფორმაციით, 15 მარტიდან ასევე მიმდინარეობს და 2018 წლის 22 სექტემბერს უნდა დასრულდეს ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა, რომლის პროექტის ღირებულება 2 350 000 ლარია.
გარდა ამისა, 2018 წლის 22 დეკემბერს უნდა დასრულდეს კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქცია, რომელიც 30 აპრილს დაიწყო და ბიუჯეტიდან 1 581 600 ლარით ფინანსდება.
მერიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, რომელიც 2018 წლის 29 მარტს დაიწყო და მისი დასრულების ვადა 2019 წლის 23 მარტია. მიმდინარე წელს სამუშაოებზე 4,028,935.75 ლარი დაიხარჯება. პროექტის საერთო ღირებულება კი 8 057 871,5 ლარია.
რაც შეეხება კანალიზაციისა და კოლექტორების სისტემების შეკეთებას, სოფელ დიღომში, წყალარინების გარე ქსელის მოწყობის 1-ელი ეტაპის სამუშაოების მრავალწლიანი (გარდამავალი) სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3 754 105 ლარია; აქედან 2018 წელს 750,821 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების ვადა კი, 2019 წლის 20 ოქტომბერია.
ასევე მიმდინარეობს ნუცუბიძის IV მ/რ-ში სანიაღვრე ქსელის (ფერმწერთა ქუჩიდან ელგუჯა ამაშუკელის ქუჩამდე) რეკონსტრუქცია პროექტის ღირებულება 1 063 360,41 ლარია; მერიის ინფორმაციით, პროექტი 2018 წლის 7 თებერვალს დაიწყო და ამავე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია მიმდინარე წელს 80 164 300 ლარს დახარჯავს.
მათივე ინფორმაციით, 24 ივლისს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია, რომლის პროექტის ღირებულება 3 233 233 ლარია. ასევე, 16 ივლისს დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდება კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 878 452 ლარი დაჯდება.
რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ის 18 აგვისტოს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდება, პროექტისთვის კი 10 357 753,00 ლარია გამოყოფილი. ამასთან, კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია მერიამ 5 აპრილს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტი 8 205 916,09 ლარი დაჯდება.
მერიის ინფორმაციით, დიდგორი-თელოვანის გზის მოწყობის სამუშაოები 4 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 3 038 656,97 ლარია.
გარდა ამისა, 11 აგვისტოდან მიმდინარეობს რობაქიძის გამზირის კაპიტალური შეკეთება, რომელიც 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 1 717 626,00 ლარია გამოყოფილი.
ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, 14 აგვისტოდან მიმდინარეობს და 31 აგვისტოს დასრულდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს კაპიტალური შეკეთება, რომლის პროექტის ღირებულება 1 301 591 ლარია. რაც შეეხება თხინვალა-აგარაკების დამაკავშირებელ გზას, სამუშაოები 14 აგვისტოს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროექტის ღირებულება კი, 1 245 929,00 ლარია.
ამასთან, 6 აგვისტოსაა დაწყებული და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება უზნაძის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის პროექტის ღირებულება 1 987 280,99 ლარია; შარტავა-კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის კი, 10 000 000 ლარია გამოყოფილი, რომლის სამუშაოები 14 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. 22 ნოემბრისთვის იგეგმება ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება, რომლის პროექტის ღირებულება 2 077 777 ლარია.
აღნიშნული პროექტების გარდა, მერიის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს სხვა სამუშაოებიც.
მათივე ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2018 წელს სულ 130 მილიონის დახარჯვაა განსაზღვრული.