LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები 600-მდე მისამართზე ჩატარდება

29

2017 წელს დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები  600-მდე მისამართზე ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენის და მოვლა-შეკეთებისთვის განსაზღვრული თანხა 85,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით 6.8 მლნ ლარით მეტია.

„ეს ნიშნავს იმას, რომ დაიგება კიდევ უფრო მეტი გზა, ვიდრე მიმდინარე წელს. 2016 წელს კი ჩვენ ამ მიმართლებით საკმაოდ კარგი შედეგები დავდეთ. აქვე გეტყვით, რომ 2014-16 წლებში ჩვენ კაპიტალურად შევაკეთეთ 500-მდე ქუჩა. მათ შორის იყო ბარნოვი, ნუცუბიძე, ჩარგლის ქუჩა და ა.შ.“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2017 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვ.  ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩავატარებთ გზის გაფართოების სამუშაოებს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

დავით ნარმანიას განცხადებით, განხორციელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 064,2 ათასი ლარი დაიხარჯება.

„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობებისგან განტვირთვას – სწორედ ეს ადგილი გახლავთ ერთ-ერთი რთული მონაკვეთი ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, განხორციელდება ქალაქში არსებული გვირაბების რეაბილიტაცია, ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათ შორის, მდ. ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის რეკონსტრუქცია, მდ.დიღმულაზე მტკვრის შესართავთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია, მდ. მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეკონსტრუქცია და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქცია, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს  წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა  მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები