LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი გზა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების იქნება

63

დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი გზა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თუშეთის განვითარებას, რომელსაც ტურიზმის თვალსაზრისით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. კვირიკაშვილის განმარტებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი თუშეთის გზის პროექტირებაზე.

“ეს გზა აუცილებლად აშენდება და იგი იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა, იმისთვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზებიც, რომელზეც მთავრობა მუშაობს.

”ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის განვითარების, რომ აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ექნება ასევე უსაფრთხოების დანიშნულება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას. მას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულება, ვინაიდან გზის და კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები