LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავრჩით სვეცკად გაპრანჭულ ტიპებად და გაღიმებულები დაგვტოვეს” – ინტერვიუ “თეთრი ხმაურის” ლიდერთან

„თავს გაყიდულად ვგრძნობ“ – ეს დათო სუბელიანის სიტყვებია, რომელიც პარლამენტის შენობასთან, 13 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებების შემდეგ „თეთრი ხმაურის“ აქციის დაშლას მოჰყვა. დაშლის შესახებ განცხადება აქციაზე ამავე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა გააკეთა. მაშინ დათო სუბელიანმა ისიც აღნიშნა, რომ „მას ასეთი ბექა არ ახსოვს“. მეორე დღეს ეს განცხადება ბექა წიქარიშვილმა, კომუნიკაციის პრობლემით ახსნა.

დღეს დათო სუბელიანი აღარ ამბობს, რომ „თეთრი ხმაური“ გაიყიდა. არც იმას ამბობს, რომ დამარცხდა, მაგრამ ინტერვიუს განმავლობაში ხშირად ახსენებს დაწვრილმანებას, იმედების მსხვრევას, ბევრს საუბრობს დაშვებულ შეცდომებზე, მომავალზე საუბრისას კი, ახალ პლატფორმაზე გამოჩენას არ გამორიცხავს. პლატფორმის მიზანი, სადაც დათო სუბელიანი შეიძლება ვიხილოთ, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის შეცვლა არ იქნება. 

რა პროცესებს ჰქონდა ადგილი მინისტრთან მოლაპარაკების პარალელურად, რატომ აღარ გაიმართა შაბათს დაანონსებული აქცია, რა შეცდომები დაუშვა „თეთრმა ხმაურმა“, რას უნდა ელოდოს ქვეყანა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მიმართულებით და რა როლი შეიძლება ითამაშოს ამაში „თეთრმა ხმაურმა“ – ამ თემებზე დათო სუბელიანმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. საუბარი ბექა წიქარიშვილის საბერძნეთში წასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით დავიწყეთ.

დათო სუბელიანი: ბექას ნაცვლად გამიჭირდება პასუხი, მაგრამ შესაძლებლობები ნებსით თუ უნებლიედ, სახელმწიფოს მანიპულაციების შედეგად, ერთი შეხედვით გავატანეთ ქარს, თუ წყალს, იმიტომ, რომ ეს მუხტი რომელიც იყო, ძალიან გაჭირდება კიდევ ერთხელ… 2-3 კულმინაციის მომენტი გვქონდა, ტემპერატურა ძალიან ადუღდა, როცა თითქმის კუთხეში იყო მიყენებული ხელისუფლება, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ ნაბიჯი გადაედგა და ასე დავწვრილმანდით, პატარა ხურდაში გადავზარდეთ ეს ყველაფერი.

რას ნიშნავს „პატარა ხურდაში გადავზარდეთ ეს ყველაფერი“?

დათო სუბელიანი: აქციაზე მოთხოვნები უფრო მაღალი დონის იყო, ვიდრე მხოლოდ ნარკოპოლიტიკა. გაცილებით მსხვილ წინააღმდეგობაზე ვსაუბრობდით. ძალიან მნიშვნელოვანი ძალა დაინახეს, უბრალოდ, ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენ არ გვეყო ცოდნა-გამოცდილება და ამ ვითარებაში მხოლოდ მთავრობას აღმოაჩნდა ძალიან ცივი, პრაქტიკული გზა იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა სიტუაცია. ვგულისხმობ გახარიას გამოჩენას მიტინგზე.

ჩვენ დავიშალეთ იმ შედეგით, რომ ფაქტიურად დიდი მოთხოვნებიდან მივიღეთ დაპირებად ის, რომ მინისტრის კაბინეტში გვექონებოდა მოლაპარაკებები. ეს იყო მარცხი.

დაანონსებული იყო, რომ მოლაპარაკებების შედეგის მიუხედავად, აქცია მაინც იქნებოდა. რა იყო იმის მიზეზი, რის გამოც შაბათს აქცია აღარ გაიმართა?  

დათო სუბელიანი: რთულია ჩემგან ამაზე საუბარი, ძალიან რთული. იყო ის სცენარი, რომ „ბასიანის“ გასაღებს მოგვიტანდა პოლიცია შაბათამდე და შესაძლოა, ეს გამხდარიყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენი მუხტი დავარდნილიყო. აქეთ მხარეს მოძრაობა ასე კი მოსჩანს, მაგრამ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ასე მოხდა, არავის ბრალი არ არის, რომ ნახევარი მოძრაობა ამავდროულად არის ის ხალხი, ვინც „ბასიანის“ მფლობელი არის და მე არ ვარ „ბასიანის“ მფლობელი. მიუხედვად იმისა, რომ ძალიან მიყვარს „ბასიანი“ და მხოლოდ მისთვისაც თავს შევაკლავდი და დავგდებოდი, ჩემი ძირითადი საბრძოლველი იყო ნარკოპოლიტიკა, ძალოვანი სისტემის წინააღმდეგ და ა.შ.

ბოლო დღეს უკვე ნერწყვი მოითხოვეს თანამშრომლებისგან, ნერწყვის ანალიზი, რაც ძალიან საშიშ რამეს მოასწავებდა, გვიქმნიდნენ ამ განცდას, რომ სადღაც რაღაცები ამოვარდება. ეს ბოლო დღეები მიდიოდა ტერორის ფონზე.

ჩვენთან იყო ჭიდილი იმის თაობაზე, როგორ დავუპირისპირდეთ ამას, დიდი დატყმით ვუპასუხოთ, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ თუ ტაქტიკურად ვიმოქმედოთ.

ანალიზი როდის მოითხოვეს, აქციის დაშლის შემდეგ თუ მანამდე?

დათო სუბელიანი: დაშლის შემდეგ. გასაღების გადმოცემის წინა დღეზეა საუბარი, მერე აღარ მოუთხოვიათ, ეს იყო ტერორის ენა.

რა როლი ითამაშა მათი მხრიდან ამის მოთხოვნამ თქვენს გადაწყვეტილებებზე? ეს იყო მიზეზი იმის, რომ თუნდაც, შაბათის აქცია აღარ შედგა?

დათო სუბელიანი: რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა ბევრ ადამიანზე. ენით აუწერელი სიტუაცია იყო, უამრავი ადამიანი ჩვენთან, ნერვიულობა, ცრემლები, სიხარული, იმედი, შეთანხმება რაღაცაზე, მერე ისევ შეუთანხმებლობა, კითხვის ნიშნები.

ეს იყო მიზეზი თუნდაც იმის, რომ ბექა მიდის საზღვარგარეთ?

დათო სუბელიანი: არა, ბექას თვენახევრის წინ ჰქონდა ბილეთი ნაყიდი. ბექას დიდი ხანია დედამისი არ უნახავს, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს.

თუმცა, ისეთ პერიოდში უწევს  წასვლა, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმის თაობაზე, თუ როგორი ნარკოპოლიტიკა ექნება ქვეყანას და ამისთვის იბრძოდა ბექა თქვენთან ერთად.

დათო სუბელიანი: ბექა არის ერთი ადამიანი, ერთ-ერთი ლიდერი და არაუშავს. მეც წავსულვარ და წამოვსულვარ და არაუშავს, არ არის პრობლემა. ჩვენ ყველამ დავინახეთ ერთი ძალიან კარგი რამე, ბრძოლა არ არის ბრძოლა „თეთრ ხმაურსა“ და ხელისუფლებას შორის. ეს არის ბრძოლა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ის, რომ მე შევცდი სადღაც, ბექა შეცდა, სხვა, ეს ნაკლებად  მნიშვნელოვანია, ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გავიაზროთ, სისტემამ როგორ დაგვშალა, დაგვქსაქსა. მერე მე შეგახსენებთ, რომ ლგბტ პირთა აქცია უნდა ყოფილიყო და აღარ გაიმართა. რეალურად, ეს სიტუაცია სახელმწიფომ გამოიყენა, სოციალურად დაუცველი ჯგუფები ძალიან ადვილად სამართავია, თუნდაც, შავი პიარი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში მიდიოდა, რომ აი „ბარიგების“ მოძრაობაა. ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. მაგალითად, ზარდიაშვილი იურიდიულ კომიტეტში იყო ერთ-ერთი მხურვალე მხარდამჭერი რეფორმის, ჩვენთან ერთად იჯდა და გვეუბნეოდა, რომ ასე გავაკეთოთ, ისე გავაკეთოთ, რომ უფრო კარგი გამოვიდეს, დავხვეწოთ. ჩვენი მხარდამჭერი იყო. ერთხელაც ყბა ჩამომივრდა, ტიპი გამოვიდა, ოღონდ იცით რამდენი თვე ჰქონდა ნამუშევარი ჩვენს კანონპროექტზე? და თქვა, რომ ახლა ძალიან კარგად ჩავიხედეო და თურმე გვატყუებდა ეს ხალხი და „ბარიგების“ მოძრაობას აკეთებენო. ცოტა მოგვიანებით კიდე გავიგეთ, რომ „ოცნებაშია“ რღვევა დაწყებული, პრემიერი ისედაც სუსტია და საერთოდ დასუსტება მიდის, გახარია თავის ბლოკს ქმნის, ტიპები, რომლებიც გახარიასკენ წავიდნენ ბარიგების მოძრაობა შეგვარქვეს, ე.წ. შავბნელმა ძალებმა აიტაცეს ეს და ფონი შეიქმნა ასეთი. ასობით ფეიქ ექაუნთები იქმნებოდა, ასეთ უპატიოსნო ბრძოლაში აღმოვჩნდით და კიდევ ჩვენი პრობლემა იყო, რომ ცოტა ჩავიკეტეთ, გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკოსები არ შემოგვეშვა.

საინტერესოა, თქვენი აზრით, როგორ ჩანდა მედიით ეს პროცესები?

დათო სუბელიანი: მედია იყო ძალიან მაგარი, მაგრამ კონტროლირებადი მედია იქცეოდა კონტროლირებადად, იმიტომ რომ იმ დღეს გარკვეული არხები უფრო მძიმედ აშუქებდნენ პროცესს, ვიდრე სინამდვილეში იყო.

საინტერესოა როცა კონტროლირებად მედიაზე ვსაუბრობთ, თქვენ ვის მიიჩნევთ ასეთად. იმიტომ, რომ დღეისათვის ხელისუფლებისგან არაკონტროლირებად მედიად მოიხსენიებენ მაგალითად, „რუსთავი 2“-ს, თუმცა მის ეთერშიც ის ჩანდა, რაც სხვაგან. რეალურად როგორ იყო თქვენი შეფასებით?

რეალურად იყო ლაპარაკი მაქსიმუმ 1000 ადამიანზე. 500 ერთ მხარეს და 500 მეორე მხარეს. უბრალოდ გაჩნდა ფრაზები, რომ ჩვენი დემონსტრანტები არიან ალყაში, პოლიცია ვეღარ უძლებს. მაგრამ რას ნიშნავს, ვეღარ უძლებს? გამოცვალე ეს ხალხი, თუ ვერ უძლებს. მერე მოიყვანეს სპეციალური ტექნიკა და მოგვიწევს, რომ წყალი ვასხათო. ანუ, არავის გაუჩნდა კითხვა, რას ნიშნავს ეს, მოიყვანე ცოცხალი ძალა, რომელიც კორდონს გააკეთებს. მეორე დღეს მინისტრმა თქვა, ვერ ვასწრებდით ჩამოყვანასო, რას ნიშნავს ვერ ასწრებდი, იცოდი, რომ შეიძლება რამდენიმე დღიანი ამბავი იყოს. ნუ კონტროლირებადს თავი დავანებოთ, მედია სკანდალებზე ამახვილებს მაინც ყურადღებას. მერე იწერებოდა, რომ ვიღაცა გავიდა და ვეღარ დაუბრუნდა ჩვენებს, მერე ორი სამი ინციდენტი გადაიქცა იმად, რომ ჩვენებს ცემენ ყველგან, სადაც დაინახავენ. მე როცა მინდოდა გადასვლა, არ გადამიშვეს, იმიტომ რომ სახეზე მიცნობდნენ და შეიძლება მართლა რაიმე მომხდარიყო. თვითონ მოლაპარაკებებზე შესული ხალხიდან, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა, რომელმაც ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია და ამბობდა, რომ არა, ეგრე არაა.

ვინ იყო ეს ადამიანი? შეგიძლია გამახსენო ვინ იყო შესული მოლაპარაკებებზე?

დათო სუბელიანი: მოდი, სახელს და გვარს არ ვიტყვი. მოლაპარაკებებზე იყვნენ გურამ იმნაძე, სოფო ვერძეული, ვახუშტი მენაბდე, ბექა წიქარიშვილი, ნაჯა ორაშვილი მგონი. ერთი ამბობდა ბოლომდე, რომ „არა, არა, ეგრე არაა“. მინისტრმა დააჯერა დანარჩენები, რომ გარდაუვალი იყო შეჯახება, ისიც ვერ მოიფიქრეს, რომ ბრეიქი აეღოთ.

ახლა რა მოლოდინი გაქვთ, როცა უკვე მოლაპარაკებებზე წახვედით, შედგა უმრავლესობის შეხვედრა, გაკეთდა განცხადებები და ითქვა, რომ აზრთა სხვადასხვაობაა ოდენობებთან და ნივთიერებებთან დაკავშირებით?

დათო სუბელიანი: ეგ არის მთელი ნარკოპოლიტიკა. მთელი არსი არის ის, რომ ადამიანი რომ მოიხმარს ნარკოტიკს, არ არის დამნაშავე, აქ წერტილი უნდა დავსვათ. მერე უნდა ჩართო ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ხალხს, რომ არ დაიღუპონ. რას ნიშვას ნარკოტიკებზე ვერ შევთანხმდით? შეიძლება, რომ ღომის მჭამელი დამნაშავე იყოს და ბაჟეს მჭამელი არა? ერთი თვის წინ დაახლოებით, ძალიან ცუდი შეხვედრა მქონდა პარლამენტში. არჩილ თალაკვაძე, მდინარაძე, კიდე ვიღაცები იყვნენ. რეალურად გვითხრეს, რომ თქვენო ქლაბერები ხართო და ეგეთ „დრაგებს“ დაგითმობთო დეკრიმინალიზაციის ამბავშიო და მძიმე ნარკოტიკებს თავი დაანებეთო. ისე ავღშფოთდი, წამოვხტი და თქვენ როგორ ბედავთ მეთქი ამის შემოთავაზებას, ანუ მართლა ფიქრობთ, რომ ნარკოპოლიტიკის სახელით ჩვენს ცხოვრებას ვიწყობთ მეთქი?

დათო, როგორ ვიცი, აპრილში იყო შეხვედრა, სადაც შემოგთავაზეს 8 ნივთიერებაზე დეკრიმინალიზაცია. ამ შეხვედრაზე ხომ არ საუბრობ?

დათო სუბელიანი: ეგ კიდევ სხვა ამბავია. ეგ არის პროკურატურის მიერ 2 წლის წინ დაწერილი კანონპროექტი და ახლა გააცოცხლეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ ცარიელ შპრიცებზე იჭერთ ხალხს. მარტივი ხომ არ არის პრობლემა? ყველას ესმის, რომ ცარიელ შპრიცზე 6-8 წელი მისცე ადამიანს ციხეში სრული ნონსენსი და ძალადობაა. ეტყობა უნდოდათ ამის ჩახსნა და 8 ნივთიერებაზე ეს იყო „ჰერონი“, „ემდიემეი“, „ამფიტამინი“, ყველა არ მახსოვს, მათზე ჰქონდათ მცირე ოდენობა დადგენილი და თუ ეს არ არის დადგენილი კანონი ამბობს, რომ ციხე არის წლები. თან ისეთი მცირე ოდენობა ჰქონდათ დადგენილი, რომ ერთი დოზაც არ იყო რეგურალური მომხმარებლისთვის. არაფერს ცვლიდა ეს, უბრალოდ, ის გააკეთეს, რომ ცარიელ შპრიცზე ხალხის დაჭერა ხდებაო, ვეღარ ვიტყოდით. დასაცინი იყო ეს და სირცხვილით დამალეს, კარგიო და ახლა გააცოცხლეს.

53 000 მძიმე მომხმარებელი გვყავს საქართველოში და სახელმწიფო მეტადონის პროგრამით მხოლოდ 8000-ზეა გასული.

ახლა მე და შენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს დიკუსია არ მიმდინარეობს, ახლა უფრო ის თამაშია, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება მიდის. გახარიას სცენაზე გამოსვლა გვაქვს, რომელმაც ასე ცივად, კაკებეშნიკურად სახელმწიფოს უთხრა, რომ აი ნახე რამხელა ზვირთი იყო პრობლემის და ახლა სიმშვიდეა. ამიტომ, არანაირი მოლოდინი არ გვქონდეს ახლა ამ წუთას.

ახლა როგორ აპირებთ მოქმედებას თქვენ, „თეთრი ხმაური“?

დათო სუბელიანი: ჩვენი არ ვიცი, იმიტომ რომ აქეთ მხარესაც ძალიან დიდი შერყევა მივიღეთ და გადაწყობა მოხდა რაღაცების, მაგრამ ხალხი არის ალაპარაკებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქამდე კრიტიკული ანალიზი არ მიდიოდა, ახლა ცოტა ღია დისკუსია წავიდა. მე რაღაც ახალ პლატფორმებზე მეფიქრება. ხმაური გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, რაღაც სხვაა საჭირო. მარტო ნარკოპოლიტიკა არ არის. ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანია და სულ ეშინიათ, რომ რაღაცა რეჟიმის შეცვლა გვინდა, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ გვინდა. რევოლუცია არ მუშაობს, რამდენიც გვქონდა, უკან მოგვიბრუნდა მერე. ტვინშია საჭირო რევილუცია და ამიტომ, საჭიროა ხალხის ფართო მასები თავიანთ პრობლემებზე ალარაკადნენ. მაგალითად, განათლებაში არის უვარიგისი სიტუაცია და არავინ აპროტესტებს, ბევრი საპროტესტო ხმა უნდა ისმოდეს და არა მარტო სვეცკად გაპრანჭული, რაც ჩვენ ვიყავით. კარგი იყო, მაგარი იყო თავიდან, მუხტი აწია, მაგრამ დავრჩით ასე სვეცკად გაპრანჭულ ტიპებად და გაღიმებულები დაგვტოვეს. ამიტომ, ხალხის მასა უნდა იყოს შემოქმედი ცვლილებების. ნარკოპოლიტიკა, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მაგრამ სხვა პრობლემებია კიდევ. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც აქამდე მხოლოდ ტაშს გვიკრავდა და ახლა ისინი, უცნობები, ნაცნობები მოდიან და მელაპარაკებიან.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას და დღეს ამ მიმართულებით არსებული ვითარებას, რა შეგიძლია თქვა, „თეთრი ხმაური“ დანებდა თუ არა?

დათო სუბელიანი: არ ვიცი, საპოვნელი აქვს რაღაც გზა. სულ ვსაუბრობდით, მე და ბექაც ვსაუბრობდით, რომ ახალი ენა გვაქვს საპოვნელი, ერთი და იგივე ნარატივმა ჩვენც დაგვღალა, საკუთარი თავი გვეზიზღება უკვე ერთი და იგივეს ლაპარაკით, ამასაც შეეჩვივნენ, „გაგვიტრუხდა“ როგორც ჩანს ეს ყველაფერი.

სულ იმას ლაპარაკობენ, რომ ამხელა იმედი და მერე მისი მსხვრევა რამოდენიმეჯერ, არ არის ადვილი გადასატანი და ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი ალაპარაკდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რა ფორმას მიიღებს ეს „თეთრ ხმაურში“ კონცენტრირდება, შავში თუ როგორ, არ ვიცი, მაგრამ ჯამში ძალიან კარგი ენერგიაა, პოზიტიური და ამაზე უნდა აეწყოს. უნდა იყოს სივრცე, სადაც ადამიანებს დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატვის საშულაება ექნებათ, რომელიც რევოლუციას კი არ მოგვცემს, საპასუხო რეჟიმში ჩააყენებს სახლმწიფოს. ადამიანების ცვლილება, გახარია იჯდება თუ კვანტალიანი, არ მაინტერესებს. მაგ „ლეველს“ უნდა გადავაბიჯოთ.

თაკო ივანიაძე