24 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანსამბლი „ფორტე“ სტუმრობდა. ანსამბლის წევრებმა დაგეგმილ კონცერტზე და პროექტზე „ქალაქური მრავალხმიანობა“ ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „გამიფრინდა სიყვარული“ პრემიერა შედგა.
ვისაუბროთ ახალ, ძალიან საინტერესო პროექტზე, „ქალაქური მრავალხმიანობა“. ვის ეკუთვნის ამ პროექტის იდეა?
ზურა მანჯავიძე: ეს იდეა „თეატრალურის კვარტეტის“ წევრს, ლაშა კირვალიძეს ეკუთვნის, რომელმაც ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, მოდი, რამენაირად გავერთიანდეთ ანსამბლებიო, მათ შორის, „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“ და „ფორტე“. ძალიან კარგ იდეად მივიღეთ და დავიწყეთ მუშაობა. ბევრი ვიფიქრეთ სახელზე და საბოლოოდ „ქალაქურ მრავალხმიანობაზე“ შევჯერდით. გვაქვს რაღაც გეგმები. უკვე რაიონებშიც ვიყავით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისში როდის აპირებთ კონცერტის ჩატარებას?
ირინა კახნიაშვილი: კონცერტი 8 აპრილს „თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“ შედგება.
ნინო ახობაძე: კონცერტი 19:00 საათზე იქნება. ორკესტრის ხელმძღვანელი დათო მაზანაშვილი გახლავთ, რეჟისორი – ბაკურ ბაკურაძე. ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან 5 ანსამბლი არის გაერთიანებული. ფინალში ჩვენი ერთობლივი სიმღერა იქნება.
ანსამბლი „ფორტე“ 1991 წლიდან ერთად მოდიხართ, ალბათ, ამ პერიოდის მანძილზე, ბევრი კურიოზიც გადაგხდენიათ, რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებდით?
ზურა მანჯავიძე: ერთხელ ჩვენ და ლელა წურწუმია ერთად ვიყავით მარმარისში. ჯულია ხოფერიამ დაგვპატიჟა, რომელსაც 2 იახტა ჰქონდა დაქირავებული. მოკრიალებული ცა და ძალიან სასიამოვნო ზღვა იყო. გავედით შუა ზღვაში და ქარიშხალი ამოვარდა. ფილმებში რომ არის, მძიმე საგნებს რომ ყრიან, ასე ვიყავით, ყველაფერი გადავყარეთ, გოგოების გადაყრაღა მაკლდა (იცინის). დავიწყე სიმღერა, თუ ვკვდებით, სიმღერით დავიხოცოთ-მეთქი. ლელა მეორე გემზე იჯდა. დამაინტერესა, იქეთ რა ხდებოდა. გავიხედე, ლელას შეუკრებია ეს ხალხი, აბა დავიჩოქეთო და „მამაო ჩვენოს“ აკითხებდა, მაგრამ ეტყობა, მთლად გულით ვერ ილოცეს, რადგან ჩემმა გემმა მიასწრო ნაპირთან.
ვისაუბროთ სიმღერაზე „გამიფრინდა სიყვარული“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ნინო ახობაძე: ეს სიმღერა არის ფილმიდან „დონ ჟუანის დაბადება“. გია კაჭარავა არის როგორც რეჟისორი, ისე მუსიკის ავტორიც. მარეხ ამანათიძე არის ლექსის ავტორი. არანჟირება ცირა ბზიშვილთან გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, მის სტუდიაში ჩაიწერა. მგონი, კარგი, მხიარული სიმღერა გამოვიდა.
ფორტე – გამიფრინდა სიყვარული
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფორტე – შენ გაზაფხულის სუნთქვა ხარ. Live
ფორტე. ვიდეო კოლაჟი