ვინც იტყვის, რომ საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნება” ან ბიძინა ივანიშვილი პრორუსულია, ის უბრალოდ ფანტაზიორობს, ანა ფოტიგა ამ წუთას არის ფანტაზიორი, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისთვის, ჯოზეფ ბორელისთვის მიწერილ წერილს.
წერილში, რომელიც ევროპარლამენტარმა საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, ფოტიგა ბორელს კითხვით მიმართავს: შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში. ამასთან, ანა ფოტიგა წერილში საუბრობს, მოლდოვის მაგალითზე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და მიმართავს ბორელს, „იზიარებს თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირებით ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?“
დავითულიანის თქმით, საზღვარგარეთ პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემამ არაერთხელ წამოიწია, თუმცა, ამას არაფერი მოჰყვა და არც ამჯერად მოჰყვება.
“ივანიშვილის მიმართ სანქციების თემას რაც შეეხება, ასე ტალღასავით აწევენ ხოლმე ვიღაც პოლიტიკოსები ან მედიასაშუალებები, მერე მიხვდებიან, რომ არაფერი ხდება და ჩააცხრობენ. ადრეც აუწევია ეს თემა საზღვარგარეთ არაერთ პოლიტიკოსს, არაფერი ამას არ მოჰყვება. რატომ უნდა დაუწესდეს ჯერ ის თქვან და მერე ილაპარაკონ. ეს არის მისი ფანტაზიები, საქართველო არის პროდასავლური კურსის, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნატო და ევროკავშირი არის საქართველოს საგარეო ორიენტირი და შესაბამისად, მთავრობა, ის პარტია, რომელიც ამ კაცმა დააფუძნა, მიდის დასავლეთისკენ. შესაბამისად, ვინც იტყვის, რომ რამენაირად საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნება” ან ბიძინა ივანიშვილი პრორუსულია, ის უბრალოდ ფანტაზიორობს. ანა ფოტიგა ამ წუთას არის ფანტაზიორი,”- განაცხადა დავითულიანმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების სამართლებრივ შეფასებას, დავითულიანის თქმით, ამაზე შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ შეფასებას.
“რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებასჩემი პოზიცია ცალსახა და მარტივია, არაადამიანური მოპყრობა რა არის ეს მიხეილ სააკაშვილმა გვაჩვენა მთელ საქართველოს. არაადამიანურად მას არავინ მოპყრობია და ფოტიგას ამ პოლიტიკურ შეფასებაში ვერ დავეთანხმები. ამ პოლიტიკურ შეფასებას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ჰკითხეთ მას”, – ამბობს დავითულიანი.