LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: RMG Cooper-მა და RMG Gold-მა დადგენილ ვადებში უნდა აღმოფხვრან დარღვევები

246

სს RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები დარღვეულია სხვადახვა მიმართულებით – კერძოდ, საქმიანობის ექსპლუატაციის შედეგად გამოიკვეთა ზემოქმედება წლის რესურსებზე – მდ. მაშავერას, მდ. ფოლადაურსა და მდ. კაზრეთულაზე, ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე, – ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას RMG Cooper-ის და RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში კომპანიებმა უპირველესად უნდა აღმოფხვრან საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება.

„გარდა აღნიშნულისა, დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებით. მასალები, სადაც დეტალური დასკვნებია მოცემული თითოეულ დარღვეულ სანებართვო პირობასთან დაკავშირებით, გაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლომ კომპანია სცნო სამართალდამრღვევად. სასამართლო წარმოება მიმდინარეობდა 2017 წლის განმავლობაში და გასულ წელს კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება.

მას შემდეგ, რაც სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტს გადმოეგზავნა მასალები, დავიწყეთ კონკრეტული გონივრული ვადების დადგენზე მუშაობა, რა ვადებშიც კომპანიამ უნდა შეასრულოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები დარღვეული პირობების გამოსასწორებლად. გონივრული ვადების დადგენისას სამინისტრომ, ცხადია, კომპლექსურად შეისწავლა თითოეული დარღვევის სიმძიმე და მასშტაბურობა, აგრეთვე მისი გავლენა გარემოზე. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას კომპანიის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში კომპანიებმა უპირველესად უნდა აღმოფხვრან საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება.

ზედაპირული წყლების დაცვის მიზნით, სამინისტროს მიერ კომპანია RMG Copper-ს დაევალა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება. როდესაც სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია. საუბარია 9 თვიან ვადაზე და ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, რაც ამ 9 თვიანი პერიოდისათვის ნამდვილად არ არის მარტივი საწარმოს ფართობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით.

გარდა აღნიშნულისა, მდინარეების ფოლადაურისა და მაშავერას, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის დროში გაწერილ ვადებში, ორივე კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს და ეტაპობრივად (2020 წლის 31 მარტამდე) აღკვეთოს კუდსაცავებიდან და ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების შესაგროვებელი სადრენაჟო სისტემისა და გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობების მონტაჟი. ამ ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რასაც სულ მცირე 6 თვიანი ვადა სჭირდება.

კომპანიები სამინისტროს წარმოუდგენენ გამწმენდი ნაგებობების დეტალურ პროექტებს, რასაც ჩვენი გეოლოგები და ჰიდროლოგები ადგილზე შეისწავლიან, იმისათვის რომ ყველა სამომავლო წყლის დაბინძურების რისკი თავიდან იქნეს აცილებული. კომპანიის მხრიდან ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია, გამომდინარე ტერიტორიის სიდიდისა, თუმცა ამ შემთხვევაში, სამინისტროს მიდგომა იყო მაქსიმალურად მკაცრი, რათა მოკლე ვადებში აღმოიფხვრას წყლის დაბინძურების პრობლემები რეგიონში. სამინისტროს მიერ დადგინდა გონივრული ვადები ყველა სხვა პირობის შესასრულებლად, რომელიც ძირითადად 2018-2020 წლებში გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. მათ შორის, კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ და წლის ბოლომდე დაასრულონ წყლის საშხეფი სისტემების დამონტაჟება მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მტვრის ემისიების შემცირებას. ექსპლუატაციის ეტაპზე მუდმივად უნდა უზრუნველყონ ცხელ და მშრალ ამინდებში ძირითადი სატრანსპორტო გზების პერიოდული მორწყვა, ამტვერიანების მინიმუმამდე შესამცირებლად. ცალკეულ ტერიტორიებზე დაზიანებული/დეგრადირებული ნიადაგის სანაცვლოდ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებების შემუშავება და სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა, შემდგომ კი სარემედიაციო ღონისძიებების გატარება (6 თვის ვადაში).

ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებმა 1 თვის ვადაში სამინისტროს უნდა წარმოუდგინონ დეტალური ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის ღონისძიება, რასაც სს RMG Cooper და შპს RMG Gold სამინისტროს მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში განახორიელებენ საქმიანობის განხორციელების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის, როგორც სალიცენზიო ასევე სანებართვო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება სახელმწიფომ განახორციელა 2015-2016 წლებში. მისი თქმით, შემოწმდა ორივე კომპანიის საოპერაციო არეალი (ჯამში სრული ფართობი, სადაც ორივე კომპანია საქმიანობას ახორციელებს შეადგენს 1228 ჰა- ფართობს), რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს უკავშირდებოდა, დეტალურად შემოწმდა საწარმოების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები, მადნის გადამამუშავებელი ქარხანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები