დავით ზურაბიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ რიგები დატოვა. განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ახსნა-განმარტებების გაკეთებას არ აპირებს.
„აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს.
შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა “პოლიტიკიდან წასვლა”, რადგან მართალია აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
დავით ზურაბიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი 2007 წლიდან იყო.