პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და ამ საკითხის ირგვლივ მმართველი გუნდის წარმომადგენლების დამოკიდებულებებზე წერს.
„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქართული ოცნების ლიდერები დამწკრივებულიყვნენ და დაეგმოთ რუსეთის აგრესია, მერე პარლამენტის შესაბამისი დადგენილებაც მიეღოთ, ღარიბაშვილი კიევში ჩასულიყო სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, კიევში ჩასულიყო კალაძეც და კლიჩკოსთან ერთად ევლო პოზიციებზე, პაპუაშვილს ზელენსკის ჩართვა მოეთხოვა პარლამენტში, კობახიძეს ოპოზიციისთვის გაეკეთებინა შეთავაზება, რომ რაღაც საერთო ფორმატი მოეფიქრებინათ უკრაინის დახმარებისა და სოლიდარობისთვის, ბერას რამდენიმე მილიონი გადაერიცხა უკრაინის დასახმარებლად, ელისო ბოლქვაძეს საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზება მოეწყო უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ხოლო ანრი ოხანაშვილს ეთქვა, არ შემიძლია მშვიდად ვიჯდე აქ, როცა უკრაინაში ხალხი იხოცებაო, გადაფრენილიყო ბორისპოლში, ჩაწერილიყო ქართულ ლეგიონში და ელისაშვილისთან ერთად სელფები ეგზავნა ყოველი საბრძოლო დავალების შემდეგ.
და რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში? ომს დაიწყებდა რუსეთი და შემოგვიტევდა ავიაციით და ტანკებით? რასაკვირველია, არა. უბრალოდ ქართული ოცნების რეიტინგი გაიზრდებოდა თვალუწვდენელ სიმაღლემდე. ის კი არა ზოგიერთი ნაციც კი იტყოდა, ყოჩაღ ძმაო არ ველოდი, ეგენი ყოფილან ხალხიო.
მაგრამ თქვენი პრობლემა რა არის იცით, პატივცემულო ხელისუფლებავ? ის, რომ ისიც არ გესმით თქვენთვის კარგი რა არის, რადგან პოლიტიკოსები კი არა ქოცები ხართ, კიდევ ქოცები და ქოცზე უფრო ქოცები! რაც იმას ნიშნავს, რომ ან თავად ხართ რუსეთუმე ფაშისტები, ან რუსის „სალდათისთვის“ ფეხისგულების ფხანა გგონიათ სიბრძნე და გონიერება, ანუ უბრალოდ ყველაფერი ის ხართ, რასაც საშუალო სტატისტიკური „ნაცი“ გულისხმობს სიტყვა „ქოცში“. – წერს Facebook-ზე დავით ზურაბიშვილი.