LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით საგანელიძე: გვაქვს ამბიცია, საქართველო რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ

80

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, განვახორციელეთ რეფორმები, რომლებმაც საქართველო გლობალური ბიზნესისთვის ხელსაყრელ ქვეყნად აქცია და გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზეც რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ, – ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, , ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ სიტყვით გამოსვლისას დავით საგანელიძემ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობის და საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„დღეს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ისევე, როგორც საქართველო თანამედორვე გეოპოლიტიკურ რუკაზე. დიდია საქართველოს როლი, ბატონი სი ძინ პინის მიერ ინიცირებულ უმნიშვნელოვანეს გლობალურ, საუკუნის პროეტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა” და ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება ევროპისა და ჩინეთის კარიბჭე უზარმაზარი პოტენციალით. საქართველო ჩამოყალიბდა სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, „აბრეშუმის გზის ფორუმი” კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დავით საგანელიძემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში „საპარტნიორო ფონდის“ როლისა და ფონდის საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები კი – მათთვის სერიოზული სიგნალი.

„მსოფლიო საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. სანდო პარტნიორია ინვესტორებისთვის საქართველოში „საპარტნიორო ფონდიც“. „საპარტნიორო ფონდმა“ თავისი არსებობის ექვსწლიანი ისტორიის განმავლობაში, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად, ბიზნესის განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად მნიშვნლოვანი როლი შეასრულა და დღეს ინვესტორებისთვის ბიზნესის წარმატების გარანტად მიიჩნევა. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ რეგიონები და ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჯერ არ არის ათვისებული. ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ჩვენი თანამონაწილეობა კი ამ მოცულობაში 350 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ ჩვენს მიერ ინვესტირებულმა ერთმა დოლარმა შვიდი დოლარი მოიზიდა. მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ეს ყოველწლიურად მზარდი მონაცემები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ როგორი პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს ჩვენ წინაშე უახლოეს მომავალში და ეს საქართველოს გლობალური დატვირთვის მქონე პროექტებში აქტიურ ჩართულობას უკავშირდება“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა.

დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ფორუმი, რომელიც საქართველოში მეორედ იმართება, გამართლებული საშუალებაა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უკვე მოჰყვა ქმედითი ნაბიჯები და სერიოზული შედეგიც. „საპარტნიორო ფონდმა“ გამოიყენა ფორუმის შესაძლებლობები. სწორედ ფორუმის ფარგლებში გააფორმა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ის შორის და დაფუძნდა ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. ასევე, დღეს ვაფორმებთ ხელშეკრულებას ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანია CNCEC-სთან. ფორუმის ფარგლებში, ასევე, მოლაპარაკება შედგა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერ ბანკ INCEC-ისთან. ჩინეთში სიდიდით პირველმა ბანკმა INCEC-მ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილი სწორედ მას შემდეგ გამოთქვა, რაც ფონდმა მოკლე დროში ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობის შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანიის (CNCEC) შვილობილ შპს SEDIN Engineering Co-თანაც გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიხედვით, SEDIN Engineering Co, რომელსაც მდიდარი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის, ნავთობქიმიური, საინჟინრო პლასტმასის, ქვანახშირის, ბუნებრივი აირის დამუშავების, მოპოვებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით, მაქსიმალურად გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს, რათა დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში ზემოხსენებული დარგების განვითარებაზე. მხარეები ყველა რესურსით იზრუნებენ თანამშრომლობის პროცესის ხელშესაწყობად, საერთო პროექტების გასაძლიერებლად და მათი ინდუსტრიალიზაციის დასაჩქარებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები