Liqui Moly Team Engslter’s გუნდის წევრი დავით ქაჯაია ერთმნიშვნელოვნად შთამბეჭდავად წარდგა TCR-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბაჰრეინის საერთაშორისო ტრეკზე Volkswagen Golf-ით მისი ასპარეზობა იმდენად ემოციური იყო, რომ იგი ჩემპიონატის ჟიურთა კოლეგიამ სეზონის პირველივე “ფან ევარდის” ერთ-ერთ კანდიდატურად დაასახელა.
ნომინაციაში – გამოცდილების სიმცირის მიუხედავად რკინის ნერვებით მებრძოლი – ქაჯაია შეირჩა მისი უნარის გამო, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია მისი კონკურენტებისათვის, რომლებიც ორმაგად უფრო გამოცდილები იყვნენ, როგორც ჩემპიონატში მონაწილეობით, ისე წინა ამძრავიანი ავტომობილებით ასპარეზობაში.
ქართველმა ორივე რბოლაში შეძლო ქულების მოპოვება, ხოლო მეორე რბოლაში მისი მეოთხე ადგილი, მთელი ამ ნადიმის დესერტი იყო!
ეს ყოველივე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მის ფანებს, რომლებიც ხმათა რაოდენობით თითქმის დაუმარცხებლები აღმოჩნდნენ ჩემპიონატის ორმაგი გამარჯვებულის – პეპე ორიოლას წინააღმდეგ.
საბოლოო შედეგი ასეთია : ქაჯაია – 83,8%, ორიოლა – 16,2%.
“ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველივე კონკურსზე ჩემი კანდიდატურა დასახელდა და ბედნიერი ვარ ასევე იმით, რომ გავხდი ამ ნომინაციის პირველი გამარჯვებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ინტერნეტ-მომხმარებელს, ვინც მე მომცა ხმა და რასაკვირველია ჩემს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც ასე ბავრნი არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის ფარგლებს გარეთაც და რომელთა ზურგს მე სულ ვგრძნობდი ჩემი სპორტული კარიერის ყოველ ეტაპზე, გულწრფელი მადლობა მინდა მათ გადავუხადო!”- განაცხადა ქაჯაიამ და დასძინა: “ასევე ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემპიონატის პირველი ეტაპი: დაძაბული შერკინებებით და კარგი სანახაობით. კმაყოფილი ვარ ჩემი დებიუტით, მიუხედავად პატარა ტექნიკური გაუმართაობებისა. დარწმუნებული ვარ შემდეგი ეტაპები კიდევ უფრო საინტერესო იქნება და ჩემს გუნდს, ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს არ გავუცრუებ იმედებს! ”