LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

86

ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში უზენაესმა სასამართლომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ ცნო. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ბეჟანიძეს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 9 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვალა და შესაბამისად საბოლოო სასჯელის სახით ბეჟანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდა.

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. საქმის განმხილველმა მოსამართლეთა კოლეგიამ, მანუჩარ კაპანაძის თავმჯდომარეობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამართლებულ ასლან ბეჟანიძის მიმართ, ძალაში დატოვა.

ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმე პროკურატურამ 12 წლის შემდეგ გახსნა. 2016 წლის 26 მარტს, ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, ასლან ბეჟანიძე სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები