LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია – აქტიურად ვთანამშრომლობთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ინტერესები

123
New Project

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა და კონფერენციის 300-ზე მეტ მონაწილეს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარების ეტაპები და არსებული გამოწვევები გააცნო.

„ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზრის სრული ლიბერალიზაციისთვის. კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბაზრის მონაწილეებს შორის კონკურენტული და გამჭვირვალე ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სემეკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი, ბაზარზე მანიპულირებისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა. როგორც სხვა, ასევე ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ინტერესები.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებლის როლი ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე. ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნათა შესაბამისად, მთლიანი ენერგეტიკული ბაზრის ძირითადი ორიენტირი ხდება მომხმარებელი „აქტიური მომხმარებლის“ სტატუსით. ახალი რეგულაციების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ენერგეტიკულ სექტორში ერთობლივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ენერგეტიკული ქმედებების მხარდაჭერა და სტიმულირება, ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ენერგეტიკული გაერთიანებები მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ განახლებადი ენერგიის მწარმოებლები და შესთავაზონ  მომსახურება ბაზრის მონაწილეებს. ევროპული რეგულაციების დანერგვა საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს გახდნენ აქტიური მომხმარებლები“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და ეროვნული ბანკის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა.

კონფერენციაში  20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები