ჟურნალისტი დავით კოვზირიძე საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების შესახებ წერს და ამბობს, რომ უამრავი ადამიანი, საქართველოს რამდენიმე ათასი მოქალაქე, სამსახურის გარეშე დარჩა.
გთავაზობთ მის პოსტს:
„საქართველოს რამდენიმე ათასი მოქალაქე, მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პირდაპირი მნიშვნელობით მშიერი დარჩა გაურკვეველი ვადით. ხელოვნების ინდუსტრიაში და კაფე-რესტორნებში დასაქმებული ადამიანები: მეპატრონეები, ტექნიკური პერსონალი, არტისტები, გამნათებლები, მზარეულები, მიმტანები, დამლაგებლები მოულოდნელად აღმოჩდნენ სიტუაციაში, რომელშიც მათ საერთოდ მოესპოთ არსებობის საშუალება. მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ ვალები, ჰქონდათ გეგმები, დოლარი ისევ ძვირდება, პროდუქტი თითქმის 50 პროცენტით გაძვირდა, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ამ დროს მოულოდნელად მიღებულმა რეგულაციებმა ეს ხალხი, ფაქტობრივად, გაანადგურა. რა ხდება ამ მიმართულებით სხვაგან? თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფომ კულტურის შენარჩუნებაში ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო. რა ხდება საქართველოში? სახელმწიფო დასდევს ბარებს, რესტორნებს, კლუბებს და ათიათასიან ჯარიმებს უწერს, რომ საბოლოოდ გაანადგუროს. სამაგიეროდ, არ იკრძალება პოლიტიკური აქტივობები, ზიარება და დენდროლოგიური პარკის რიგში დგომა. და ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როგორც ჩანს“.