საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის დავით დარჩიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
დარჩიაშვილი გამოკითხვაზე პროკურატურაში მივიდა წარწერით, BACK IN THE USSR. (“უკან საბჭოთა კავშირში”).
როგორც დარჩიაშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურაში დაიბარეს მისი საპარლამენტო საქმიანობის დროს გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე, კერძოდ კი, საუბარია განცხადებაზე, რომელიც მისივე განმარტებით, იმდროინდელი ოპოზიციის წევრის, ჯონდი ბაღათურიას ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.
დარჩიაშვილის თქმით, 2012 წელს საპარლამენტო დებატების დროს გაკეთებული განცხადების გამო გამოკითხვაზე დაბარება, არაკონსტიტუციურია.
“მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რა მიზეზით მოვხვდი აქ, არის ის, რომ აბსოლუტურად საბჭოთა სტანდარტით და ტრადიციით მუშაობს პროკურატურა, ეს არაერთხელ მითქვამს. “კარტოგრაფების საქმე” მაგონებს იმდროინდელი საბჭოთა პროკურატურის ქმედებებს, როცა ვიშინსკი იყო სტალინის პროკურორი, ამას უშუალოდ ვეტყვი პროკურორებს“. – განაცხადა საგამოძიებო უწყებაში მისულმა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სერგო ორჯონიძესა და იოსებ ბესარიონის ძე სტალინს.
„მათივე გადაკეთებული კონსტიტუციით, რომელიც 2018 წელს მიიღეს, არის მუხლი, რომელიც დეპუტატზე ასეთ დაკითხვებს იმის თაობაზე, თუ რა თქვა მან დებატების დროს, საიდან ჰქონდა ინფორმაცია დეპუტატს – ამისგან ათავისუფლებს და არავითარი უფლება არ აქვს პროკურატურას, რომ ამ თემებზე მელაპარაკოს. მოკლედ რომ გითხრათ, მაშინდელი ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია, ისეთივე ბრალდებებით გამოდიოდა, როგორც დღეს პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ “თქვენ გაყიდეთ გარეჯი”. ისეთივე ლიტონი და უტიფარი ბრალდებები იყო, როგორც დღეს. მაშინ მას ვუთხარი, რომ ის, რა ვითარებაც არის საზღვარზე, სერგო ორჯონიკიძის და იოსებ ბესარიონის ძე სტალინის პასუხისმგებლობაა და თუ უნდა, მათ მოსთხოვოს პასუხი. ვინც ახლა, დელეგაციის, კომისიის წევრების და მესაზღვრეების სახით ცდილობს ჩვენი ისტორიული, კულტურული მემკვიდეობის დაცვა გააკონტროლოს და ამ ყველაფერს იმათ აბრალებს, რაც წინაპრების დანაშაულია, ეს სრულიად არაადეკვატურია”. – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რის საფუძველზე ამბობდა, რომ საზღვარი ქედზე გადიოდა?!.
დავით გარეჯი საქართველოა! ისტორიაში „გაჭედილი“ სამართლის ქრონოლოგია
“ადმინისტრაციული საზღვრები ცნობილი იყო ასეთად. ამაზე საუბრობდა ყველა, ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ, 1980-იან წლებში და როდესაც ჩავდიოდით იქ, სხვათა შორის, სოზარ სუბართან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად სტუდენტები, მაშინ გვეუბნებოდნენ იქ მყოფი ადაიანები, რომ აი, აქ არის საზღვარი. დანარჩენი, ამაზე დავა უნდა დავუტოვოთ კომისიას, სპეციალისტებს და არა პროკურატურას”. -აღნიშნა დარჩიაშვილმა.