LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯი საქართველოა! ისტორიაში „გაჭედილი“ სამართლის ქრონოლოგია

639
დავით გარეჯი 22

დავით გარეჯი საქართველოა? ამ შეკითხვაზე რა თქმა უნდა, ყველა ქართველი უპასუხებს, რომ საქართველოა.

თუმცა არსებობს ძალიან დიდი მაგრამ…

ისტორია სავსეა უსამართლო გადაწყვეტილებებით. სამართალი არც ახლა და არც ადრე ყოველთვის ვერ რჩებოდა გამარჯვებული.

დავით გარეჯის ბედი ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. ქართველებს კიდევ გვაქვს შანსი, მისთვის ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ.

ამისთვის კი აუცილებელია, კარგად ვიცოდეთ მისი ისტორია.

 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, როგორ დაიწყო დავით გარეჯისთვის ბრძოლა.

 

„ქართულ საზოგადოებაში აცდენილი გააზრება არსებობს. მონასტრისა და სახელმწიფოებრიობის შერევა ხდება, რაც არასწორია. მონასტერი უდაბნოში აშენდა. ბერებმა, რომლებმაც თავის დროზე ააშენეს ეს მონასტრები, განერიდნენ ყველანაირ სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანები გაურბოდნენ ყველანაირ სახელმწიფოებრიობას. წავიდნენ იქ, სადაც სახელმწიფო ნაკლებად მიწვდებოდა“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ზაქარეიშვილი.

 

დავით გარეჯი ქართული მიწაა, თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე - საპატრიარქოს განცხადება

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დავით ხიდაშელის მიერ სამინისტროსთვის გადაცემული კარტოგრაფიული რუკები გააცნო.

 

 

ვის ეკუთვნოდა დავით გარეჯი რუსეთის იმპერიის დროს

„როცა რუსეთის იმპერიაში შევედით, იქ რაიმე საზღვარზე საუბარი სასაცილო იყო. არსებობდა თბილისისა და ბაქოს გუბერნია. მონასტრის მთიანი კომპლექსი იყო და არავის აინტერესებდა, რომელ გუბერნიაში იყო. გუბერნატორები მონასტრებს არ მართავდნენ“, – განმარტავს ექსპერტი.

 

საბჭოთა კავშირი და დავით გარეჯი

 

 

„საბჭოთა კავშირი იყო ათეისტური სახელმწიფო. ამიტომ საზღვრები განალაგეს პრაგმატულად, შეიძლება ითქვას, ათეისტურად. ბოდიში გამოთქმაზე, მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს მონასტრის კომპლექსი და ამიტომ გაატარეს საზღვარი ორ რესპუბლიკას შორის თხემზე. აქედან იწყება პრობლემები…

ეს ყველაფერი 20-იანი წლებიდან დაიწყო. საძოვრებისა და სახნავ-სათესის გამო დგინდებოდა საზღვრები. ათეულობით რუკები არსებობს საბჭოთა მეურნეობიდან გამომდინარე, ბჭობდნენ, სად სჯობდა სასაზღვრო ხაზი ყოფილიყო. 

40-იან წლებშიც მოხდა რუკების რეფორმირება. როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთმა რუკების რეფორმირება მოახდინა. საზღვარი თხემზე გადიოდა საბჭოთა ნომენკლატურით, იმიტომ რომ კარგად გამოკვეთილი თხემია“. – ჰყვება ჩვენთან საუბარში ზაქარეიშვილი. 

რა ვიცით ბიზნესმენზე, რომელმაც საქართველოში 1938 წლის რუკა დააბრუნა და რა აკავშირებს ლევან ვასაძესთან

ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციისა თუ დანიშნულების რუკებზე. 

 

რა მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

 

 

„პრობლემა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. როდესაც გაეროში შევედით, გარეჯის თემა არავის გახსენებია. ამით ჩვენ ყველამ ვაღიარეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრები, ოღონდ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და ოღონდ გაეროში მივეღეთ, ამაზე არავინ გაამახვილა ყურადღება.

მერე აღმოჩნდა, რომ საქართველოს აქვს პრეტენზია, რადგან კომპლექსის დიდი ნაწილი, არის აზერბაიჯანის მხარეს. დავიწყეთ მათთან მოლაპარაკება და აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანი ასე არ თვლის. ამიტომ ჩვენ ისტორიულ სამართალში გავიჭედეთ.

 

ამიტომ გამოსავალია, შეთანხმებაში. შეიძლება სახელმწიფო საზღვარი დარჩეს ისე, როგორც არის, მაგრამ მონასტერი იყოს ერთიანი. ასეთი მაგალითი მსოფლიოში უამრავია. მაგალითად წმინდა ეკატერინეს მონასტერი ეგვიპტეში. ჩვენ ხომ გვაქვს პრეტენზია იერუსალიმში ჯვრის მონასტერზე, სადაც რუსთაველის ფრესკაა გამოხატული, ისრაელისთვის არ აქვს მნიშვნელობა ძეგლს საბერძნეთს მიაკუთვნებს, თუ საქართველოს. ჩვენ ამ შემთხვევაში საბერძნეთის ეკლესიას უნდა ველაპარაკოთ და არა ისრაელს. ისრაელში უამრავი ძეგლია სხვადასხვა იურისდიქციის.

ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში დავახურდავეთ უნიკალური, მრავალსაუკუნოვან ფენომენი. ჩაბარდება ისტორიას „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“. ისტორიული ძეგლი კი იქნება და იქნება.

დამერწმუნეთ, აზერბაიჯანში არის უამრავი მონოფიზიტური ძეგლი, რომელსაც ისინი თავის კულტურულ მემკვიდრეობად თვლიან.

 

 

სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და ყოველ შობას მონასტრის კომპლექში ვატარებდი. ჩემი აზრით, ის  არანაირად არაა ალანიური კულტურის ძეგლი, მაგრამ მათი აზრით, არის. მე არ ვამბობ, რომ მათ სწორი ხედვები აქვთ, მაგრამ კონფლიქტი რომ არ მოხდეს, უნდა მოგვარდეს.

 

გამოსავალი მოლაპარაკებაშია. არსებობს ოთხადოთხი  გამოსავალი.

1. აზერბაიჯანი ამბობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. გვეუბნება, რომ დიდი ზარზეიმით  გადმოგვცემს საქართველოს და სამაგიეროდ მოითხოვს სხვა ტერიტორიას.

2. საქართველო ამბობს, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და პრეტენზიები არ აქვს.

3. ვიდრე არ დადგინდება საზღვრის საკითხი, მონასტერი ერთ კომპლექსად ვაქციოთ და შევქმნათ ქართულ-აზერბაიჯანული საერთო მმართველობა. ამისთვის ორივე მხარე ჩადებს ფულს და კომპლექსამდე მიიყვანენ გზებს გაარემონტებენ და შეამოწმებენ ფრესკები როგორაა დაცული, ორივე მხარემ უნდა მართოს ტურისტების ნაკადი.

4. მეოთხე ვარიანტია, რაც დღეს ხდება. ანუ არაფერი ხდება და მომლოცველები მიდიან საქართველოდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მათ გაატარებენ და სტატუსკვო ისე იყოს შენარჩუნებული, როგორც ახლაა.

 

თუ ჩვენ მივდივართ ნატოში და ევროკავშირში, აუცილებლად გვკითხავენ, მეზობლებთან გაქვთ თუ არა საზღვრები დარეგულირებულიო.

 

საზღვრის პრობლემა არ აწუხებს აზერბაიჯანს, ის ჩვენ გვაწუხებს, შეიძლება, საზღვრები არ იყოს დადგენილი და ასე საუკუნეები ვიცხოვროთ. ეს არაა ნომერ პირველი სახელმწიფო ზრუნვა. შეიძლება აზერბაიჯანმა და საქართველომ საზღვარი გააუქმოს და ისე ვიმოძრაოთ ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთმანეთში პრობლემები მოაგვარონ და ისეთი ეკონომიკურ პოლიტიკური სივრცე შექმნას, რომ არ დასჭირდეთ საზღვარი, ისე როგორც ევროკავშირშია. მთავარია არა სახელმწიფო საზღვარი, არამედ მონასტრის სიმრთელე“.  – ამბობს ექსპერტი.

 

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე კი ფიქრობს, რომ ახლა უკვე მთავარია არა საზღვრის დადგენა, არამედ მეცნიერული დასაბუთება, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლი არაა.

 

„გამოსავალი რაშია, რთული სათქმელია, იმიტომ რომ აზერბაიჯანული მხარე არის გაჯიუტებული.წლების განმავლობაში ქართულმა მხარემ რამდენჯერმე შესთავაზა ტერიტორიების გაცვლა. მაგრამ აზერბაიჯანულ მხარეს ეს არ უნდა. უარს ამბობს ტერიტორიების გაცვლაზე.

 

ეს მათი ერთგვარი კაპრიზია და გააზრებული სიჯიუტეა იმ თვალსაზრისით, რომ მას გარეჯის ნაწილის მისაკუთრება იმიტომ უნდა, რომ თავისი ისტორიული ბიოგრაფია გააგრძელოს, ანუ მას ალბანური კულტურის მემკვიდრედ უნდა გამოაცხადოს თავი. ამისთვის კი სჭირდება ალბანური კულტურის შექმნა, მას კი ახლა ვერ შექმნის. თუ გექნება ისტორიული ძეგლები, რომელიც შეიძლება ალბანურად აქციო, მაშინ სხვა თემაა. ამისთვის სჭირდება დავით გარეჯის მონასტერი“, – ამბობს ჩვენთან საუბარში არეშიძე.

 

როგორ გადაიწერა ისტორია

 

„უნდა გადახედოთ აზერბაიჯანულ პრესას და მიხვდებით მათ გეგმას. ერთ-ერთ წამყვან აზერბაიჯანულ გაზეთში დაიბეჭდა, რომ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს არქეოლოგიური გათხრები, რითაც დასტურდება რომ იქ არის უძველესი ალბანური კულტურის ნაწილები და უკვე საკამათო აღარაფერია. ხვალ ისინი აუცილებლად მოითხოვენ მთლიანი გარეჯის კომპლექსს. მათ მიერ ფალსიფიცირებულ ისტორიულ წიგნებში შეხვდებით ფაქტებს, რომ ასურელი მამები სინამდვილეში იყვნენ ალბანელები.

 

ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს საზღვარი სად გადის და სად გამოდის. 

 

ისტორიის გადაწერას 1998 წლიდან ვადევნებ თვალს.

ერთხელ დავით მუსხელიშვილმა და ქართული ისტორიკოსების ჯგუფმა ძალიან არგუმენტირებული პასუხები გასცეს აზერბაიჯანელებს და მათ რამდენიმე წელი ხმა არ ამოუღიათ,

 

ჩვენი პოლიტელიტა ბინძური თამაშებითაა დაკავებული, იმის მაგივრად რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სამეცნიერო სივრცეს. რომელიც ამ საკითხზე მუდმივად ისტორიულად წელში გამართულ ნაშრომებს შექმნის და მსოფლიო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში გააგზავნის მას. იმიტომ რომ აზერბაიჯანული მხარე ამას აკეთებს და თუ საპასუხო რეაქცია არ იქნა, მაშინ ის დოკუმენტები, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან სხვადასხვა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში იდება,  ის თუ დღეს საკამათო დოკუმენტი არ გახდა, ხვალ წყარო გახდება, რომელსაც მეცნიერები დაეყრდნობიან. ამიტომ სამეცნიერო ბრძოლა სულ უნდა იყოს“, – ამბობს ექსპერტი.

 

 

საზღვრის საკითხი ჯერჯერობით მაინც არ გადაწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მონაცვლე ტერიტორიებს ვთავაზობთ. მე არ დამავიწყდება, გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც მოხდა გეიდარ ალიეის პირადი თხოვნით გარკვეული ტერიტორიის გადაცემა მშრალ ხიდთან, იმისთვის, რომ საზღვარი გასწორებულიყო. ეს იყო თხოვნა, ქართულმა მხარემ ამ თხოვნას ანგარიში გაუწია. მაგრამ როდესაც ჩვენ გვჭირდება რამე, ჩვენს თხოვნას არავინ ითვალისწინებს. მეგობარობა და მეზობლობა ძალიან კარგია, მაგრამ თუ გვინდა, რომ ამან ახალი ექსცესები არ გამოიწვიოს, მაშინ ეს თემა უნდა გავყინოთ და სამეცნიერო ნაწილზე გადავერთოთ, იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე მსოფლიოს დავუმტკიცოთ.

ყარაბაღის დაკავების შემდეგ მათთვის აუცილებელია, რომ მეცნიერული თვალსაზრისით დაამტკიცონ, რომ სამხრეთ კავკასიაში ალბანური კულტურის კვალია“, – ამბობს არეშიძე.

 

ქართველი სტუდენტების მიერ გადარჩენილი გარეჯი

 

„1988-89 წლებში მე ამ ყველაფერში ვმონაწილეობდი დავით გარეჯის გამო დაწყებულ სტუდენტების საპროტესტო აქციებში. მარტო სტუდენტების დამსახურება არ იყო ის, რომ მაშინ სამხედრო წვრთნები შეწყდა. ამ საქმეში პოლიტიკოსებმაც შეიტანეს დიდი წვლილი.

მაშინ ვინც იყო იმ სტუდენტების შემადგენლობა, კარგად მახსოვს და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მაშინ  აქტიურობდა,  „ტვ პირველის“  ეთერში იჯდა და უსმენდა, როგორ საუბრობდნენ გადაცემის სტუმრები, გარეჯის ნაწილი საქართველო არააო. მაშინ კი  ხმალამოღებული იცავდა გარეჯის კუთვნილებას. ნუგზარ წიკლაურს ვგულისხმობ. ის იმ სტუდეტებს შორის იყო , ვინც გარეჯს იცავდა. დავით ტურაშვილთან, ფიქრია ჩიხრაძესთან, ახლა, უკვე, მამა ალავერდელთან და სხვა სტუდენტებთან ერთად.

 

პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ასეთი შედეგები მოგვიტანა.

რასაკვირველია, გარეჯი არის ქართული კულტურული ძეგლი. ეს მინდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ რომ 10 და 5 კილომეტრიან საზღვარზე კი არაა საუბარი, არამედ იდეოლოგიაზე.

აზერბაიჯანს აქვს თავისი ამოცანა ამ იდეოლოგიურ  ბრძოლაში გაიმარჯოს. მაგრამ ჩვენ ამაზე მეცნიერულად დადასტურებული პასუხი უნდა გავცეთ  ყოველთვის“. – აცხადებს არეშიძე.

 

დავით გარეჯის საქმის გამოძიება ორი ქვეყნის პარტნიორობას ვერ დააზიანებს: გახარიას საკითხის პოლიტიზირება დამაზიანებლად მიაჩნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები