LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე – საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად, წინ წაიყვანს ქვეყანას

27

საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად, ერთიანად წაიყვანს წინ მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბაქრაძის თქმით, მისი, როგორც პრეზიდენტის ამოცანა იქნება არა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სიღარიბის და უიმედობის დამარცხება.

„მადლობა, რომ თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია დღეს საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს იმისას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს უკეთესი და რწმენას, რომ ჩვენს ბრძოლას აქვს აზრი. ეს უნდა დავაბრუნოთ მთელ საქართველოში, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი.

ჩემი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების, მეტიც – კონკრეტული პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება დავამარცხოთ უიმედობა, სიღარიბე, გაჭირვება. ჩვენი წინაპრები ყოველთვის იბრძოდნენ უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ არ მოხდება ისე, რომ ჩვენმა თაობამ, ჩვენმა გუნდმა ხელები ჩამოვუშვათ, შევწყვიტოთ ბრძოლა და საქართველოს უკეთესი მომავლის იმედი გავაყოლოთ იმ ერთ უნიათო გუნდს, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ის იბრძოლებს ხელისუფლების დასამარცხებლად, თუმცა ეს ბრძოლა არ იქნება მიმართული კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძლებთ „ქართული ოცნების“, როგორც იმ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, რომელმაც ქვეყანაში ეს უიმედობა მოიტანა, მაგრამ მინდა თავიდანვე ვთქვა, ჩვენ ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ. საქართველოს გულისთვის ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დადგომა. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, რომელიც იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება. საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად, ერთიანად წინ წაიყვანს მთელ ქვეყანას,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები