პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთმანეთის სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ.
მისი თქმით, უკვე წელიწადი და შვიდი თვეა, რაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებსაც აქვს რესურსი.
„ბოლო დღეებში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ქვეყანაში და ყველას გვაქვს განცდა, რომ ერთმანეთი ვერ დავიცავით. აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდო, როგორც რიგითმა ექიმმა და არა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა.
როგორც კოვიდპაციენტებთან ყოველდღიურად მომუშავემ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძნერლია კოვიდთან ბრძოლა. სამწუხაროდ როცა დაავადებულებულთა რაოდენობა იზრდება, პაციენტების მოვლას ვერ დავეწევით. ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე.
ამოწურვადი რესურსი გვაქვს ექიმებსაც, დავიღალეთ ექიმები, უნარი შეიძლება დავკარგოთ ცოტა ხანში, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რაც შეიძლება ფხიზლად იყვნენ ამ დაავადების წინააღმდეგ“, – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, მძიმე ეპიდსიტუაციის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ პირადი ამბიციები ყველამ უკანა პლანზე გადაიტანოს.
„ჩვენ ომში ვართ ექიმები, პირველ პლანზე ვართ, სადაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ვუყურებთ ერთმანეთს. ძალიან ძნელია, როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა უჭირს, გესმით?! მერე გადადის აპარატზე და გიკვდება.
სამწუხაროდ, ეს მომენტები გვაქვს ძალიან ხშირად, ამიტომ ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ – ექიმებსაც, მედპერსონალსაც. მე მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიცია ყველამ უნდა დაიოკოს უკვე. ყველამ უნდა გადაყლაპოს თავისი ამბიცია და ცივი წყალი დალიონ თავის ამბიციასთან ერთად“, – განაცხადა რატიანმა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 48 პაციენტი გარდაიცვალა.