LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავესწრებით თუ არა პარლამენტის პირველ სხდომას, ეს მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული – ალეკო ელისაშვილი

91
elisashvili (2)

“დავესწრებით თუ არა პარლამენტის პირველ სხდომას, ეს მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული“,- ამის შესახებ პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მან ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც მესამე რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით მიიღეს.

„რამდენიმე საათის განმავლობაში საკმაოდ ცხარე დისკუსია და მსჯელობა მიმდინარეობდა, ბუნებრივია სხვადასხვა პარტიები ვართ განსხვავებული მოსაზრებებით, ხედვებით და პოზიციებით, თუმცა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ შევაჯერეთ პოზიცია და ერთიანი პოზიციით გავალთ მესამე რაუნდზე. შეიძლება ეს იყოს ელჩებთან შეხვედრა, შეიძლება იყოს მესამე რაუნდი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოახერხოს ის, რომ არჩევნების მერე არ გამოდიოდეს ოპოზიცია და არ ამბობდეს გაყალბებულიაო. არჩევნებისადმი ნდობა უნდა იყოს, ეს არის ეროვნული ამოცანა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციის მორიგი კონსულტაციები საერთო შეთანხმებით დასრულდა.

ოპოზიციური პარტიები ცხარე დისკუსიების შემდეგ საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ და მზად არიან „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართონ.