რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკის „მხიარული დილა“ სტუმარი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი გახლდათ, რომელმაც „საქართველოს მაღალი მოდის კვირეულზე“ და მასში მონაწილე დიზაინერებზე ისაუბრა.
თინათინ, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
დავაარსეთ პროექტი „საქართველოს მაღალი მოდის კვირეული“, რომელიც არის საერთაშორისო და ყოველთვის იქნება უფრო მზარდი და მზარდი. უკვე პირველივე სეზონზე ჩვენ გვყავს სტუმრები სერბეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან. სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ასეთი ინციდენტი, ჩამოფრინდა საოცრად ნიჭიერი ყაზახი დიზაინერი, ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი ყაზახეთის მოდის სფეროში და აღარ შემოუშვეს საზღვარზე, უკან გააბრუნეს. თვითონ პროექტი ძალიან საინტერესოა, გაიმართება „ბილტმორში“ და თავის კოლექციას 6 დიზაინერი წარადგენს. ქართველებიდან მოდის კვირეულს ხსნის ფატუნა, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი დიზაინერი და ვხურავ მე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ სეზონზე, რომელიც გაზაფხულზე იქნება, აუცილებლად უფრო მეტი ქართველი დიზაინერი იქნება ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვე ნახევარში მოვამზადეთ ეს პროექტი, ქართველი დიზაინერები არ იყვნენ მზად, კოლექციები არ იყო მზად და მოგეხსენებათ, მაღალი მოდის კოლექციაზე მუშაობას დიდი ხანი სჭირდება, რადგან ხელით არის სამუშაო, ხელით იქარგება, ხელით მუშავდება ქსოვილი და ა.შ. ბევრმა დიზაინერმა უკვე გამოთქვა შემდეგ სეზონში მონაწილეობის სურვილი და უკვე დაიწყეს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ფოიეში გაიმართება ქართველი აქსესუარებისა და ტანსაცმლის დიზაინერების არაჩვეულებრივი გამოფენა-გაყიდვა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს, ყველა მონაწილეს, რომ ჩემს მიმართ ამხელა ნდობა გამოხატეს.