„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ამ რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს საქართველოში რუსული გავლენების გაზრდა წარმოადგენს.
ამასთან, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებს:
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი წარმოადგენს დასავლური ღირებულებების სრულ უგულებელყოფას და რუსული გავლენების გაძლიერებას.
ამ კანონის ინიცირება არის აღიარება, რომ ისინი უარს ამბობენ და ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს და ღიად აწარმოებენ ანტიდასავლურ პოლიტიკას.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან პარლამენტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.
ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისტორიულ შანსზე – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი უხეშად არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებას.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, კანონი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებასა და ორგანიზაციებზე სახელისუფლებო კონტროლის გაძლიერებას, თავისუფალი მედიისა და კრიტიკული აზრის განადგურებას, რაც ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების საფუძველია.
„ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სულისკვეთებას და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვქმნით „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს.“
რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს საქართველოში რუსული გავლენების გაზრდა წარმოადგენს.
მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის შექმნილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არსებულ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს შეუჩერდეთ საპარლამენტო დელეგაციის წევრობა, მათ შორის:
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA), დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საპარლამენტო ასამბლეის (GUAM PA), NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის.
მივმართავთ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს(პარტიებს), საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ მათი პოლიტიკური ოჯახის წევრებს და მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, შეუწყვიტონ მათ წარმდგენ პარტიებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის წევრობა.
მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ქვეყნების საელჩოებს, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები და აეკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაადგილება.
მივმართავთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებს, „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრში“ შეყვანილ პირებს შეეზღუდოთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლება, მათ შორის გაუუქმდეთ არსებული ანგარიშები და აეკრძალოთ ახალი საბანკო ანგარიშების გახსნა.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.