“შალვა ნათელაშვილს 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა”, – ასე ეხმიანება ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხს “მოქალაქეების” წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.
როგორც იოსელიანი აცხადებს, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს.
მისივე განცხადებით, ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის:
“შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს, რადგან მას 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა.
თუ შალვა ნათელაშვილი ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია მისი პარლამენტში შემოსვლა.
არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად წაიღო სახლში. დაუსვით კითხვა, როდის აპირებს დააბრუნოს 5 მილიონ 113 ათასი ლარი? ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა”, – ამბობს იოსელიანი.
შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მისთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა, როდესაც საუბარია ხალხის ინტერესებზე, პირადი ემოცია მეორეხარისხოვანი ხდება.
ნათელაშვილის თქმით, ისინი აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას სოციალურ ქსელებში ჰკითხავენ.
ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად, შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც უნდა განიხილოს.
შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი შევა თუ არა პარლამენტში – მისი გადასაწყვეტია: კალაძე
გუგავას განცხადებით, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხზე ფეისბუქგამოკითხვას ჩაატარებენ