LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუშვებელია, თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების ვადები გადაიხედოს“ – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

118
Untitled design

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, დაუშვებელია, თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედების ვადები გადაიხედოს.

როგორც ალიანსში აცხადებენ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ძალაში უნდა დარჩეს.

„ახლახან, პარლამენტში დაარეგისტრირეს თამბაქოს ინდუსტრიის წინადადება, რომლის თანახმად, „ფილიპ მორისის“ წარმოებულ გასახურებელ თამბაქოზე (ე.წ. აიქოსი) სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვის ნორმა საერთოდ არ უნდა გავრცელდეს. ამასთან, თამბაქოს მწარმოებლები მოითხოვენ, სადა შეფუთვის ძალაში შესვლიდან თამბაქოს ნაწარმის ძველი მარაგების ამოსაყიდად 8 თვე მიეცეთ, რაც აბსოლუტურად არაგონივრულია, საერთაშორისო პრაქტიკით 1-3 თვეც კმარა. მეტიც, ანალოგიური რეგულაციის ამოქმედებისას, საქართველოს სიდიდის ქვეყნებში არანაირი ვადები არ გაითვალისწინეს.

თამბაქოს ინდუსტრია ასევე მოითხოვს თამბაქოს კოლოფებზე ბრენდების სახელწოდებების ინგლისურ ენაზე დატანასაც, რაც კომპანიებს ბრენდების პოპულარიზაციის შესაძლებლობას მისცემს და ფაქტობრივად სადა შეფუთვაც აღარ გამოვა. ამასთან, არასახელმწიფო ენაზე ბრენდის სახელწოდების კოლოფზე დატანა მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფოებრივი ინტერესები, სახელმწიფო ენა პრიორიტეტულია.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული წინადადების პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ ეჭვქვეშ დადგა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მიმდინარე წლის, 31 მაისს, პარლამენტში გააკეთა, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მან აღნიშნა, რომ სადა შეფუთვის არც ნორმა და არც მისი ამოქმედების ვადები აღარ გადაიხედებოდა და 2024 წლის 31 ივლისიდან ახალი რეგულაციის ძალაში შესვლას ხელს ვერაფერი შეუშლის.

ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარმდგენთა უკვე ცნობილ, თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გამტარებელ სონღულაშვილი-დასენის ჯგუფს დაემატა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი, იმ კომიტეტის წევრები, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა უნდა იყოს და არა ბიზნესის, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია კლავს.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეაჩერონ საქართველოს პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გატარების მცდელობა, იმ ინდუსტრიის, რომლის მიერ წარმოებული ლეტალური პროდუქტების მოხმარება, მშვიდობიან პერიოდში, ყოველწლიურად გვიკლავს იმდენ ადამიანს, რამდენიც ბორჯომის ამჟამინდელი მოსახლეობაა.

თამბაქოს კონტროლის რეფორმების ეფექტიანმა ღონისძიებებმა გამოიწვია რესპირაციული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელების კლების ტენდენცია, 90%-ით გაუმჯობესდა კარშიდა ჰაერის ხარისხი დახურულ საჯარო სივრცეებში, 4%-ით შემცირდა თამბაქოს მოხმარება საზოგადოებაში და თავად მწეველებს შორის 10%-ით. ასევე, 15%-ით შემცირდა თამბაქოს ბაზარი, რაც რა თქმა უნდა, საგანგაშო მაჩვენებელი იყო თამბაქოს ინდუსტრიისათვის, რის გამოც ერთ-ერთმა მსხვილმა წარმომადგენელმა, ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიამ, ორი წლის წინ მარკეტინგული ოფისი დახურა საქართველოში. შესაბამისად, სხვა მსხვილმა მოთამაშეებმა გაააქტიურეს რესურსების ის ნაწილი, რომელიც სპეციალურად აქვთ გამოყოფილი პოლიტიკოსების მოსასყიდად და თამბაქოს პროდუქტების უკანონო რეკლამა-პოპულარიზაციის ღონისძიებებისათვის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში“, – წერია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები