დათუნა სირბილაძე დღეს რადიო „არ დაიდარდოს“ სტუმრობდა, რომლის მსმენელისთვისაც ახალი სიმღერის პრემიერა წარადგინა. ნატო გელაშვილის „ამამღერეს“ ადრე ეთერ კაკულია ასრულებდა, თუმცა მისი ჩანაწერი არ არსებობდა, ამრიგად, დათუნა პირველია, რომელმაც ეს კომპოზიცია ჩაწერა, თუმცა განსხვავებული არანჟირებით. როგორც თავად გვითხრა, რომანსი ახლებურად დათო უგრეხელიძის არანჟირებით აჟღერდა.
დათუნა, ახალი სიმღერა კარგია, მაგრამ კონცერტები თუ გაქვს?
კონცერტები მეტ-ნაკლებად არის, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც უნდა იყოს. ეს ჩემი აზრია. ახლა, ალბათ, სეზონიც არ იყო, ხალხი ქალაქგარეთ იყო გასული. ჩემი სურვილია, რომ მეტი კონცერტი გაკეთდეს. არ ვგულისხმობ სოლოკონცერტებს, თუნდაც რამდენიმე შემსრულებელი და ანსამბლი რომ შეიკრიბოს და მსმენელს მოეფეროს. ქალაქური სიმღერის კონცერტები ძალიან აკლია მსმენელს. მხოლოდ საკუთარ თავზე არ მაქვს ლაპარაკი. თითო სიმღერაც რომ შევასრულოთ, ლამაზი საღამოები გამოვიდოდა. ისეთ დარბაზში უნდა გაკეთდეს, სადაც ბევრ ადამიანს ექნება დასწრების შესაძლებლობა და არა რესტორანში და კლუბში, რადგან იქ მისვლის საშუალება ყველას არ აქვს. ვგულისხმობ კონცერტებს, პროფესიონალური, სერიოზული სახით. ჩვენც მეტი მოტივაცია გაგვიჩნდება, რომ მსმენელს, ასე ვთქვათ, ანგარიში ჩავაბაროთ (იღიმის).
ამ ბოლო დროს ახალგაზრდობა სულ უფრო აქტიურად უსმენენ ელექტრონულ მუსიკას. არის მოთხოვნა ქართულ ქალაქურ სიმღერებზე?
რა თქმა უნდა, არის. ყველა მუსიკალურ ჟანრს თავისი მსმენელი ჰყავს. არ შეიძლება, სულ ქართული სიმღერა მოვახვიოთ თფავზე მსმენელს ან მარტო ელექტრონული მუსიკა. ჩვენ კი ამ ბალანსის დაცვა არ შეგვიძლია, ქართველებისთვის ან ერთი არსებობს, ან – მეორე (იღიმის). ქართულ სიმღერას ჰყავს და ეყოლება მსმენელი. ვიცნობ ბევრ ისეთ ადამიანსაც, რომელსაც ელექტრონული მუსიკაც უყვარს და ქართული ქალაქური სიმღერაც. რაც ჩვენია, ის არ უნდა დავივიწყოთ, თაობებს გაუძლო და ვანახოთ ყველას, რომ ჩვენს კულტურას პატივს ვცემთ. არიან მომღერლები, რომლებსაც ნელ-ნელა შესაძლოა, გაუქრეთ ახლის გაკეთების სურვილი.
იმ ჟანრს, რომელსაც შენ ასრულებ, გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ სფეროში ერთი და იგივე ტრიალებს.
ახალი მომღერალმა უნდა შექმნას. მაგალითად, ნატო გელაშვილის რომანსი „ამამღერე“ ახლებურად გავაკეთე. ძველი სიმღერის გაახლება შესაძლებელია, რომ სხვანაირი სახით დაანახვო მსმენელს. სულ ერთი მიმართულებით სვლა არ არის კარგი და ამ კრიტიკას ნაწილობრივ ვეთანხმები, თუმცა მეორე მხრივ, არიან მომღერლები, რომლებიც ამ ჟანრში სიახლეებს სთავაზობენ მსმენელს. მაგალითითისთვის შემიძლია დავასახელო ის პოპური, რომელიც „ალილომ“ ბოლოს გააკეთა და „არ დაიდარდოს“ ეთერში გადის, ძალიან მომწონს. მე არ მომწონს, როდესაც ცნობილ მელოდიას სხვანაირად წერენ და სიმღერის ჩონჩხს ამახინჯებენ, რაც არაერთხელ მომისმენია. არ მინდა, რომ მაგალითად, „სულიკო“ ისე ჩაწერონ, რომ ჩემმა შვილმა მოისმინოს და მელოდიის ძირი ვერ გაიგოს.
ნინო ქათამაძემაც ხომ თავისებურად შეასრულა „სულიკო“?
ნინო ქათამაძე გენიალური მუსიკოსია და ძალიან ლამაზად შეასრულა. თავიდან იწყებს სწორი მელოდიით და მერეა იმპროვიზაცია, რაც სწორია. მომისმენია ძველი სიმღერები, რომ არ მცოდნოდა, რა სიმღერაა, ვერაფრით მივხვდებოდი.
ბოლოს მინდა გკითხო, სად შეიძლება მოგისმინოს შენმა თაყვანისმცემელმა?
ალბათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვაპირებ გრანდიოზული კონცერტის ჩატარებას, ოღონდ არა ჩემი სოლოკონცერტის, არამედ მომღერლების ნაკრებით, რომლებიც ბენდთან ერთად ცოცხლად შეასრულებენ სხვადასხვა ძველ სიმღერას, თუმცა სხვანაირი ვერსიებით. მინდა, ეს დიდ დარბაზში გაკეთდეს.
მოუსმინეთ დათუნა სირბილაძის ახალ სიმღერას და გაეცანით ინტერვიუს მომავალი გეგმების შესახებ არ დაიდარდოზე.
„ამამღერე“ – დათუნა სირბილაძის ახალი სიმღერის პრემიერა ”არ დაიდარდოში”
ნინო მურღულია