დათა პაპა – ფოტო გარეკანზე: დავით თაბაგარი
ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი გზებით ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. რისი პრეცედენტიც საკონკურსო ფოტოს მთავარმა გმირმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრმა დათა ვანიშვილმა შექმნა, – ამბობს ფოტოგრაფი დავით თაბაგარი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისი ნამუშევრებითაც დათა პაპა, როგორც მცოცავი ოკუპაციის სიმბოლო საზოგადოებამ გაიცნო.
„დათა პაპამ არ დატოვა საკუთარი საცხოვრისი, შეაყოვნა მცოცავი ოკუპაცია საკუთარ სოფელში და სრულიად დემოკრატიულ საზოგადოებას დაამახსოვრა თავი, როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ შიშველი ხელებით მებრძოლმა.
მშვიდობიანი გზებით ოკუპაციასთან ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, დათა პაპამ ეს ნათლად დაადასტურა და თავადვე იქცა ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ.
მსურს, ამ ფოტოთი ისტორიას შემოვუნახო დათა პაპას სამოქალაქო გმირობის ისტორია, რაც გვაძლევს იმის რწმენას რომ მშვიდობით მოვიგებთ ომს.“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას დავით თაბაგარი.
დათა ვანიშვილი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას, სიცოცხლის ბოლომდე აცხადებდა რომ საქართველოს მოქალაქეა. არ დათმო საკუთარი სახლი მავთულხლართს მიღმა, რითაც ხელი შეუშალა უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.
ხურვალეთში, მავთულხლართს მიღმა მცხოვრები დათა პაპა, რომელიც დრომ ოკუპაციის სიმბოლოდ აქცია, 88 წლის ასაკში, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა.
ფოტოები: დავით თაბაგარი