დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დამსაქმებელი კომპანიის, “თბილსერვის ჯგუფის” ოფისთან არიან შეკრებილები და ხელფასების მატებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, შპს “თბილსერვის ჯგუფის” 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტია.
კომპანია “თბილსერვის ჯგუფს” თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და სხვა.
“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოთხოვნების ჩამონათვალიც წარუდგინეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი სამუშაო ხელშეკრულებასაც არ იცნობენ. მათივე განცხადებით, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მხოლოდ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გააგრძელებენ:
„ჩვენ რა მოთხოვნაც გვქონდა, ხელმძღვანელობას დავუწერეთ და გავუგზავნეთ. მოთხოვნები ის იყო, რომ დავუბრუნდეთ ძველ სამუშაო გრაფიკს. ასევე, ხელფასების 50%-იანი ზრდა, რაც გვეკუთნის, მოგვცენ. ვითხოვთ ფორმების და ტექნიკის შეცვლასაც.” – განაცხადა აქციის მონაწილემ.
დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა უფრო რთულ პირობებში მუშაობენ.