მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ არ არიან რეგისტრირებულები, დასუფთავების მოსაკრებელს – ერთ სულ მოსახლეზე თვეში – 2,5 ლარის ოდენობით გადაიხდიან. ამის შესახებ ცვლილებები „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ თბილისის მთავრობის ინიციატივით შევიდა.
როგორც მერიაში განმარტავენ, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიქსირებულია საცხოვრებელი სახლები, ბინები, სადაც ფიზიკური პირები ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე.
“მოქალაქეებს საკუთრებაში აქვთ ორი ან მეტი ბინა, სახლი, რომელიც აქვთ გაქირავებული, დაგირავებული ან დროებით აცხოვრებენ სხვას, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მისამართებზე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრაცია არ აქვს გავლილი არც ერთ ფიზიკურ პირს დასუფთავების მოსაკრებელი არ ერიცხება – შესაბამისად, არ არიან დასუფთავების მოსაკრებელის გადამხდელები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ საცხოვრებელ ბინებს, სახლებს, რომელთაც არ ერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი და დასტურდება ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტი, დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში – 2,5 ლარის ოდენობით,”- გათქვამია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.