LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასრულდება თუ არა საბჭოთადროინელი “ხრუშჩოვკების” ეპოქა თბილისში

თბილისის მერია ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს იწყებს. „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟის საწყის წერტილად კი, ვარკეთილი სახელდება. „ხრუშჩოვკები“, რომელიც თავის დროზე 50 წლიანი ექსპლუატაციის ვადით აშენდა, თბილისის ქუჩებს დღემდე იკავებს. საბჭოთა კავშირისდროინელ შენობებში მცხოვრებთა ნაწილმა კორპუსებს სახე უცვალა, სტანდარტული პროპორციები დაშენება-მიშენებებით შეცვალა, თუმცა, კახა კალაძის თქმით, ვინაიდან ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გავიდა, ეს კორპუსები „მიშენება-დაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური“ ხდება.

დედაქალაქის მერის თქმით, ჯერჯერობით საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსებიდან მცხოვრებლების გადაყვანაზე.

„თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდება, ყველაფერი არის შესაძლებელი,“ – განაცხადა კალაძემ.

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაანონსდა, მაშინ, როცა კახა კალაძე ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი იყო. „საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან“ თბილისის გათავისუფლებაზე წინა ხელისუფლების დროსაც აქტიურად საუბრობდნენ. ახლა დედაქალაქის მთავრობაში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა.

არქიტექტორები ამ ინიციატივას მიესალმებიან და ამბობენ, რომ თანამედროვე მსოფლიოს მაგალითზე, ცათამბჯენები ქალაქის ცენტრშიც გაცილებით სასურველია, ვიდრე ავარიული, „ვადაგასული“ და საცხოვრებლად საშიში „ხრუშჩოვკები“.

„ის რეგულაციები, რაც ახალი კანონმდებლობითაა დადგენილი, საჭიროა როგორც მშენებლისთვის, ასევე მცხოვრებლებისთვის. ეს განსაკუთრებით მათი უსაფრთხოებისთვის არის ძალიან საჭირო. არავინ იცის, ვინ როგორ დაშენებას ან მიშენებას აკეთებს, შესაბამისად, უცნობია, სად რა და როგორ ჩამოინგრევა. როგორც წესი, ასეთი მშენებლობები სეისმოლოგიურ შკალაზე არ მოწმდება,“ – განმარტავს „არქ ექსპერტიზის ცენტრის“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ხასია.

არქიტექტორების თქმით, მათთვის მიუღებელია სრულიად ქაოტური დაშენება-მიშენებები, სხვადასხვა ფერის აივნები, რომლებიც ქალაქის იერსახის დამახინჯებასთან ერთად, საცხოვრებლად საშიშიც შეიძლება, აღმოჩნდეს. მოქალაქეების ნაწილისთვის კი, „ხრუშჩოვკების“ ბოლო სართულზე დაშენებული მანსარდები შემოსავლის წყაროა.

არქიტექტორთა განმარტებით, „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებამდე რამდენიმე გეოლოგიური კვლევაა ჩასატარებელი, მათ შორის, ნიადაგის შესწავლა, ქანების მდებარეობის დადგენა, წყლის მიმართ ამტანობა, ნიადაგის ტენიანობა, რა დონემდეა შესაძლებელი მიწაში ჩასვლა საძირკველის ასაშენებლად და რამდენად გაუძლებს ფუნდამენტი მრავალსართულიანი შენობის აგებას, თუმცა უცნობია, რა თანხაა საჭირო პროექტის განხორციელებისთვის. არქიტექტორები ვარაუდობენ, რომ ხარჯი კოლოსალური იქნება.

„პირობითად, 30 ოჯახზე რომ ვიანგარიშოთ ხარჯი, მათი ქირით უზრუნველსაყოფად თვეში მინიმუმ 400 აშშ დოლარი იქნება საჭირო, შესაბამისად, ერთ თვეში მხოლოდ 12 000 დოლარი გამოდის 30-ივე ოჯახზე, წელიწადში – 144 000 დოლარი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მშენებლობები, როგორც წესი, სამ წელიწადს გრძელდება, ანუ მხოლოდ 30 ოჯახზე გათვლილი ქირის ხარჯი სამი წლის განმავლობაში შეადგენს 432 000 აშშ დოლარს. როცა საუბარი გვაქვს რომელიმე კონკრეტული უბნის კვარტლებზე, სადაც „ხრუშჩოვკებია“ გაშენებული, ამ თანხას კიდევ რამდენიმე ნული მიემატება, თუმცა უბნების მიხედვით, სტანდარტული ბინის ქირაობა ერთიან ხარჯში დიდ ცვლილებას არ მოგვცემს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ მაკო საბაშვილი.

დიდუბე-ჩუღურეთი, დიღომი, ნაძალადევი, ვარკეთილი, ვაჟა-ფშაველა – თბილისის ამ უბნებში განსაკუთრებით უხვადაა საბჭოთადროინელი „ხრუშჩოვკები“. როგორც არქიტექტორები განმარტავენ, დედაქალაქის ყველა უბანს თავისი სამშენებლო კოეფიციენტი აქვს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად იქნება შესაძლებელი 5 სართულიანი „ხრუშჩოვკების“ ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსების აშენება.

„თუ ახალი კორპუსები იმ სტანდარტებით აშენდება, რაც საჭიროა და შესაბამისი გეოლოგიური დასკვნებიც გაკეთდება, ვარკეთილი, ვაჟა-ფშაველას გამზირი და თბილისის სხვადასხვა უბანში არსებული „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟი, შემდეგ მათ ადგილას ახალი კორპუსების მშენებლობა, აბსოლუტურად შესაძლებელია,“ – ამბობს დავით მახათაძე.

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად მოლაპარაკებები გაიმართება 170 ოჯახთან.

„ხრუშჩოვკა“ 3-5 სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებია, რომლის პროექტიც, მართალია, არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე „ხრუშჩოვკის“ სახელით მოიხსენიებენ.

პროექტი, რომელიც მასობრივად საბჭოთა კავშირში 1960-1980-იან წლებში აქტიურად მუშაობდა, ასე დაიწყო: 1950-იანი წლების პერიოდში, ბინების მშენებლობის მიმართულებით რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტი უკვე ხორციელდებოდა, თუმცა მზა ბეტონის პანელებმა ყველას აჯობა და სხვა საშუალებები და ინდივიდუალური სახლების მშენებლობა როგორც გაუმართლებელი ტექნოლოგია, დაივიწყეს, რადგანაც ტრადიციული აგურით მშენებლობა შრომატევადი იყო, ამ პროექტებს საკმარისი დრო მიჰქონდა და გადატვრთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

ამ ტიპის სახლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღემატებოდა, შიდა კედლებს ხმის ცუდი იზოლაცია ჰქონდა. ამ სახლებში არ იყო ლიფტი. „ხრუშოვკების“ პირველი სერია 25 წელზე იყო გათვლილი, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო მყარი „ხრუშოვკების“ სერია 50 წელზე იყო გათვლილი, გამოკვლევით დადგინდა, რომ დროული კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, მათი რესურსის გახანგრძლივება 150 წლამდე იყო შესაძლებელი.

ავტორი: თათია კაკიაშვილი