LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაჯეთ ტორპედო: კუკეშში არეულობაა, მაგრამ რევანში უნდათ

32

ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქის, ალბანური “კუკეშის” რიგებში დაძაბული სიტუციაა და რამდენიმე ფეხბურთელს გუნდის დატოვებაც კი სურს.

არსებობს გარკვეული უთანხმოება მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. ამ ყველაფრის შესახებ საიტი Panorama.com.al წერს.

“კუკეშს” სჭირდება 25 ფეხბურთელი იმისთვის, რომ განაცხადი შეივსოს. კლუბი სათანადო კადრებით არ არის დაკომპლექტებული.

„არ ვიცი, ეს როგორ მოხდა და ვის მიუძღვის წვლილი ამაში. უმჯობესი იქნება, ყოველივე ეს სამსჯავროზე გამოვიტანოთ და არაფერი დავმალოთ”, – ეს სიტყვები “კუკეშის” მწვრთნელ არმანდო ცუნგუს ეკუთვნის, რომლებიც მან თბილისური შეხვედრის შემდეგ თქვა.

ალბანური საიტი წერს, რომ ცუნგუმ გუნდში სრული რევოლუცია მოახდინა. მან “კუკეშის” წინა მწვრთნელის, პიტერ პაკულტის კადრების მოცილება გადაწყვიტა და თავისი ფეხბურთელების მიყვანა სურდა.

თურმე ცუნგუს კლუბის ლიდერ რეჟინალდოსთან თანამშრომლობა არ სდომებია, რომელიც “ტორპედოსთან” შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრაზილიელი ცუნგუს ტაქტიკურ სქემაში ვერ ჯდება.

საინტერესოა, რომ ალბანური გუნდიდან წასვლა რამდენიმე ფეხბურთელს უნდა და ისინი ქუთაისურ გუნდთან შეხვედრას ელოდებიან, რის შემდეგაც კლუბს დატოვებენ.

ამით ცუნგუ ძალიან უკმაყოფილო ყოფილა და პრეზიდენტ გჯიჩისთვის უთქვამს, ასე შორს ვერ გავფრინდებით და ალბანეთის ჩემპიონობისთვისაც ვერ ვიბრძოლებთო.

თავის მხრივ, გჯიჩმა სპორტული დირექტორი ნდერიმ ნეჩიპი და მწვრთნელი არმანდო ცუნგუ დაიბარა და თბილისში დიდი ანგარიშით მარცხის გამო პასუხი მოსთხოვა.

მწვრთნელს კი თავი იმით უმართლებია, გუნდი გადაღლილი იყო და შედეგი ამიტომ ვერ მივიღეთო.

გჯიჩიჩმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ საშინაო შეხვედრაში “კუკეშმა” ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხოს.

 

 

ამასობაში, “კუკეში” უეფასგან ქუთაისის “ტორპედოს” დასჯას ითხოვს. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა სტეფან გჯიჩმა ისაუბრა.

“ჩვენ პროცედურების სრული დაცვით ვიმოქმედეთ. დავუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ისინი გვატყუებდნენ.

ისე ჩანს, რომ ამას განზრახ აკეთებდნენ. რეჯინალდოსა და მალოკუს ჩაყვანაში კი ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარა.

ჩვენ ვთხოვეთ უეფას, რომ “ტორპედო” დასაჯოს. არ გვინდა, ამით ჩვენი მარცხი გავამართლოთ, მაგრამ ქუთაისელების საქციელი ჩვენთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო.

შესაბამისმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა იმოქმედონ და ჩვენ მათთან ოფიციალურ სადილზე არ დავსხდებით”, – აღნიშნა გჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბების პირველ შეხვედრაში სავიზო პრობლემების გამო საქართველოში “კუკეშის” რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ჩამოვიდა, რაშიც კლუბმა ქართული მხარე დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოსა” და “კუკეშს” შორის მატჩი 16 აგვისტოს ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

Sportall.ge-ის მასალების მიხედვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები