LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დასადგენია, ვის ებლანდებოდა გიორგი ქობულია ფეხებში”- შეფასებები მინისტრის შესაძლო გადადგომაზე

213
qobuuu

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებს.ამასთან, დეპუტატის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვისი კანდიდატურა განიხილება, თუ ქობულია მინისტრის პოსტს დატოვებს.

„ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე მუშაობს და აქედან გამომდინარე დაველოდოთ მის კომენტარს. განცხადებებს შემდეგ გავაკეთებთ. წარსულ დროში ნუ ვისაუბრებთ, მუშაობს. როცა იქნება და თუ იქნება მისი განცხადება, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. ვერ გეტყვით, რა კანდიდატურა განიხილება. თუ ეს საკითხი დადგება, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა მიიღო რეალურად ქობულიას გადაყენების გადაწყვეტილება და არა პრემიერმა. მისივე განცხადებით, ქობულიამ თავდაპირველად უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე დაკავშირებით, თუმცა ბოლოს ზეწოლას ვეღარ გაუძლო.

„დაახლოებით, ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის ენით შეუთვალა ქობულიას წასვლა. მან უარი განაცხადა და მისი პასუხი თურმე ყოფილა ასეთი, რომ საკუთარი ნებით არ წავა, დაასაბუთონ, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა და თუ უნდათ ჩემი გაშვება, გამათავისუფლონო. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მასზე და იძულებული გახადეს, რომ წასულიყო და ვნახოთ, ახლა როგორ ახსნის ამ მოვლენას,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი  ქობულიასთან დაკავშირებით განმარტებებს, პრემიერისგან ითხოვს.

„პრემიერ-მინისტრს მოუწევს ძალიან კარგად ახსნას, ჩვენთვის, დეპუტატებისთვის, საზოგადოებისთვის, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ დიდი თანამდებობის პირს, ეკონომიკის მინისტრს, იმიტომ, რომ მაგაზე უარეს სისულელეებს საუბრობს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველ პარტიაში ბოლო პერიოდში ჩანს ტენდენციაა, რომ ვინც ცდილობს ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება, ეს მისთვის ხდება თანამდებობისთვის „დამშვიდობების მიზეზი“.

“უმჯობესი იქნება, თუ მმართველი პარტია და გადაწყვეტილების მიმღები პირი აუხსნის საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, მაგრამ ინფორმაცია ქობულიას შესაძლო გადადგომის შესახებ ვრცელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. იყო გარკვეული საკითხები, როგორც ამბობენ, რომელიც გახდა განსხვავებული პოზიციის მატარებელი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოულოდნელი არ იყო”,-აცხადებს ბესელია

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია თადამდებობას ტოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. “ფორტუნას” სამინისტროში ამ დროისთვის, ინფორმაციას არ უდასტურებენ.

“ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს,” – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა მინისტრს დღეს გუნდში დაგეგმილი შესაძლო ცვლილებების შესახებ შეკითხვა დაუსვეს,რაზეც ქობულიამ განაცხადა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს პრემიერმინისტრი იღებს.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, გავრცელებული ინფორმაციით, ის შეიძლება თანამდებობაზე მისმა მოადგილე ნათია თურმავამ შეცვალოს.