ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მიშელის კომენტარს “პირველი არხი” ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის“, – ამბობს მიშელი.
მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით პროცესის გამოცოცხლებისთვის.
„ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის, გეოპოლიტიკური არჩევანი, რასაც დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება პროცესის გამოცოცხლებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ გაიგზავნოს ცხადი შეტყობინება. მოვლენების განვითარებას აქტიურად ვაკვირდებით საფრანგეთის საპრეზიდენტო მანდატთან ერთად, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზედაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
სამიტი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან შეხვედრით დაიწყება, რომლებიც ასევე მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ.
ამავე თემაზე:
მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია